თავში

ბიზნესმა სარეკლამო სტრატეგია შეცვალა

ბიზნესმა სარეკლამო სტრატეგია შეცვალა
ბიზნესმა სარეკლამო სტრატეგია შეცვალა

ონლაინ მედიის როლის გაძლიერებამ და სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენებამ ბიზნესს სტრატეგიის გადალაგებისკენ უბიძგა. როგორც პიარტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილია report.ge-თან განმარტავს, სატელევიზო რეკლამის მიმართ ინტერესი განელდა, რაც სატელევიზიო შემოსავლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის ანგარიშშიც აისახა. უწყების ინფორმაციით, შარშან სატელევიზიო შემოსავლებს, წინა წელთან შედარებით, 7,7 მლნ ლარი დააკლდა. პირმისაშვილი ამის მიზეზად სოციალური მედიის გააქტიურებასთან ერთად, პოლიტიკური ფაქტორის გავლენასაც მიიჩნევს და ამბობს, რომ ტელევიზიების შემოსავლები ძირითადად არჩევნების პერიოდში მატულობს. 

,,არჩევნების პერიოდებში მთელი ქალაქი გადაჭედილია ბილბორდებით და როგორც კი პოლიტიკური ციებ-ცხელება ჩაივლის, რეკლამაზე მოთხოვნაც მცირდება, ასეა ტელევიზიებშიც. საქართველოში ბევრი ფული მხოლოდ არჩევნებში იხარჯება, რითაც სარგებლობენ ტელევიზიები და მეტ სარგებელს იღებენ. დანარჩენ შემთხვევაში, შედარებით მცირე, მაგრამ  სტაბილური შემოსავლები აქვთ. რეიტინგები და ტელევიზიების მუშაობა მნიშვნელოვანია, თანაც ბიზნესმა უკვე დაიწყო თავისი სტრატეგიის გადალაგება სოციალურ ქსელში, ონლაინ მედიაში და ამიტომ დააკლდა შემოსავლები ტელევიზიებს. თუკი ადრე იყო 2 წამყვანი არხი და ფაქტობრივად ბიზნესი ფულს თანაბრად უნაწილებდა, ახლა 6 წამყვანი ტელევიზიაა და შესაბამისად, ფინანსური რესურსიც გადანაწილდა. ცვლილება ყველაზე მეტად დაეტყო მათ, რომლებიც მაღალი შემოსავლებით გამოირჩეოდნენ", - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი.

მისი ინფორმაციით, სატელევიზიო შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახება covid-19-ის გავლენა და მიმდინარე პერიოდშიც შემცირდება, თუმცა მომავალი სეზონიდან ტემპს ზრდისკენ აიღებს.

,,გლობალური მასშტაბით, ტელევიზიებში სარეკლამო აქტივობები თითქმის 70%-ით არის შემცირებული. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში  covid-19-ის გარდა, სხვა აქტუალური თემა არ ისმოდა, ამიტომ აზრი არ ჰქონდა კომუნიკაციებს და ეს ლოგიკური იყო. სამაგიეროდ, მაისიდან, განსაკუთრებით ივნისიდან, ყველამ დაიწყო აქტიურობა და როგორც კი გაიხსნა ბიზნესი, სარეკლამო კამპანიის როლიც გაძლიერდა. ეპიდემიის გამო ტელევიზიებს შემოსავლები ყველაზე მეტად დააკლდათ. ნაკლებად - ონლაინ მედიას, რადგან სხვადასხვა ბიზნესისთვის მეტი სივრცე, თანაც, ონლაინ გაყიდვებიც განსაკუთრებით გააქტიურდა. თუმცა იმის გამო, რომ  ტელევიზიების გარდა, მედია საშულებებს არ ჰყავთ პოლიტიკური დონორები, მათ თავის შენახვა უჭირთ, ამ მხრივ ყველაზე მეტად ბეჭდური მედია დაზარალდა", - აცხადებს პიარტექნოლოგი. 

ცნობისთვის, 2019 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 76,7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 68,0 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system