თავში

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები მცირდება

ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები მცირდება
ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები მცირდება

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი მცირდება. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ არაფორმალური საქმიანობის აღმოცენების შესაძლებლობა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აბსოლუტურად ყველა სფეროშია. იმისდა მიხედვით, რამდენად მკაცრია საგადასახადო ადმინისტრირება და რამდენად ახდენს სახელმწიფო მონიტორინგს ეკონომიკურ საქმიანობათა სახეობებზე, რამდენად აქვს დაშვებული ამა თუ იმ სფეროში საგადასახადო შეღავათები.

,,ჩრდილოვანი ეკონომიკა კორელაციაშია ეკონომიკურ ლიბერალიზაციასა და საგადასახადო კულტურის მდგომარეობასთან. თუკი არაფორმალურ საქმიანობებს მივიღებთ, მისი მოცულობა იქნება დიდი, მათ შორის გლეხურ მეურნეობაში შექმნილი დოვლათი, რომელიც არ იბეგრება. ამ კატეგორიაზე დასაქმებულთა 1/5 მოდის. აგრარულ სფეროში, გლეხური მეურნეობა ფაქტობრივად განთავისუფლებულია გადასახადებისგან და ეს იზიდავს თუ ფარავს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 400 ათასი ადამიანი არის ამ სექტორში აქტიურად ჩაბმული და ისინი არ ექვემდებარებიან გადასახადის გადახდას, თუმცა ეკონომიკურად აქტიურ სეგმენტს წარმოადგენენ. ცალსახად ტენდენცია ისეთია, რომ არაფორმალური დასაქმების და ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლების წილი, გარკვეული დროის მანძილზე, შეიძლება იზრდებოდეს. ეს ხდება ექსტრემალურ სიტუაციებში, ეკონომიკური კრიზისის ან სახელისუფლო მონიტორინგისა და კონტროლის შესუსტების პირობებში. მას აქვს ადგილი ასევე სხვადასხვა ექსტრაორდინალურ სიტუაციაში, ვთქვათ, ომების, სხვა კრიზისების პერიოდში, მაგრამ მთლიანობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები მცირდება. ტენდენცია ნამდვილად პოზიტიურია", - განმარტავს report.ge-თან სოსო არჩვაძე.  

მისი თქმით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან მაღალი იყო 90-იან წლებში, მაგრამ შემდეგში მან კლება დაიწყო, რაზეც ადმინისტრირების გაუმჯობესებაც მეტყველებს.

,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც ჩრდილოვანი ეკონომიკა არ აქვს. აშშ-შიც კი მას სხვადასხვა მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლიან და ეპიდემიამდე 3-დან 8%-მდე იყოა. წარმოიდგინეთ აშშ-ში თუ ეს ვითარება გვაქვს, სხვა ქვეყნებში რა იქნება?! მსოფლიო ბანკის კვლევის პარალელურად მე წარმოვადგინე შედარება ბიზნესის წამოწყების სიმარტივის და სხვა პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩემი აზრით, საქართველოში შეუძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკა თითქმის 65% -ის დონეზე იყოს. ქვეყანაში არსებობს მაღალი კორელაცია ბიზნესის წარმოების, გადასახადების გადახდისა და ტრანსფარენტულობის მაჩვენებელსა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს შორის. რაც უფრო ცუდადა საგადასახადო კულტურა, იქ უფრო მეტია ჩრდილოვანი ეკონომიკა, ამიტომ ვერ მოდის შესაბამისობაში ეს მონაცემი და მათ გამოყენებას მოვერიდებოდი", - ამბობს სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ არაფორმალურ ეკონომიკაში ქალებისა და მამაკაცების დასაქმება თანაბარია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2020 წლის ანგარიშში სპეციალური თავი აქვს მიძღვნილი ქალთა ეკონომიკურ აქტიურობას და შრომით უფლებებს საქართველოში. დოკუმენტში მოტანილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოში ქალებისა და კაცების დასაქმება არაფორმალურ ეკონომიკაში თითქმის თანაბარია, თუმცა ქალებისათვის არაფორმალური დასაქმება, კაცებისგან განსხვავებით, დიდწილად დაკავშირებულია ნაკლებ შემოსავალთან, მობილობის დაბალ დონესთან და დაბალ თვითშეფასებასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system