თავში

ჩვენთვის ტურიზმი პრიორიტეტულია - ნათია თურნავა

ჩვენთვის ტურიზმი პრიორიტეტულია - ნათია თურნავა
ჩვენთვის ტურიზმი პრიორიტეტულია - ნათია თურნავა

"მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია და პრიორიტეტული ჩვენთვის ტურიზმის აღდგენა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მადრიდის ტურისტულ გამოფენას ესწრება. მინისტრის განცხადებით, მადრიდის მასშტაბურ გამოფენაში, კოვიდ-ის მიუხედავად, 100-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათგან 30 ქვეყნის დელეგაციას მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობაა ვიყოთ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მადრიდის Fitur 2021 არა მარტო დამსწრე, არამედ პარტნიორი ქვეყანა. ამიტომაც ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილია ყველაზე მაღალ დონეზე - მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისთვის ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ეს არის აბსოლუტურად განხორციელებადი. გამოფენაზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ უზრუნველვყოფთ ტურისტული ინდუსტრიის უსაფრთხო ფუნქციონირებას. კერძოდ, ტურისტული სექტორის ვაქცინაცია პრიორიტეტულია და დარგის აღდგენა სწრაფად ხორციელდება. დაგეგმილი მაქვს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებთან. ჩემს კოლეგებთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვუმკლავდებით კოვიდს და ვაჩქარებთ ჩვენს ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის პროცესს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც მთავრობა მუშაობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო. 

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს ეცნობა. 

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system