თავში

სახმელეთო საზღვრების გახსნაზე ვმუშაობთ - თურნავა

სახმელეთო საზღვრების გახსნაზე ვმუშაობთ - თურნავა
სახმელეთო საზღვრების გახსნაზე ვმუშაობთ - თურნავა

"სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ. მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველო სახმელეთო საზღვრების გახსნას 2021 წლის ზაფხულისთვის განიხილავს. ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system