თავში

COVID19-მა საქართველოში სიღარიბე გაზარდა

COVID19-მა საქართველოში სიღარიბე გაზარდა
COVID19-მა საქართველოში სიღარიბე გაზარდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის („unicef“) წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შეხვედრაზე ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება COVID–19-ის პანდემიის ფონზე არსებულ მდგომარეობას დაეთმო.

„ახალი კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ ბავშვებსა და მოზარდებზე უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი განურჩევლად ყველას უქმნის საფრთხეს, ის განსაკუთრებით მძიმედ სწორედ მოსახლეობის დაუცველ ფენებსა და ბავშვებზე აისახება. სიღარიბეში მყოფ ოჯახებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ამ კრიზისს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ და შეამცირონ მისი ნეგატიური ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, შინამეურნეობაში მცხოვრები ბავშვების უკიდურესი სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებელმა, UNISEF-ის მონაცემებით, 2009 წლიდან 2017 წლამდე 11,5%-დან 6,8 %-მდე იკლო, ხოლო ზოგადი სიღარიბე იმავე წლების მიხედვით 49%-დან 27%-მდე შემცირდა, COVID–19-ის პანდემიის ფონზე მდგომარეობა გაუარესდა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ბავშვების მატერიალური საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, ხოლო ბავშვთა წილი კი, რომლებიც ცუდი პირობების მქონე საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, საგრძნობლად შემცირდა, ბავშვებთა არასრულფასოვანი კვება პრობლემად რჩება და ბავშვებში სიღარიბის ალბათობა უფრო მაღალია მთელ მოსახლეობასთან შედარებით. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. სწორედ ამ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბატონი ღასან ხალილი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაედება საფუძვლად.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის და თანმდევი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში 193 ათასი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 5.4% სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.მათი მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში მოსახლეობის 14.9% ცხოვრობდა, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა მოსახლეობის 20.3%-მდე, ანუ 754,000 ადამიანამდე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოში სიღარიბე 5.4 პროცენტით გაიზარდა. COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system