თავში

დახმარების მიღების მსურველთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

დახმარების მიღების მსურველთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა
დახმარების მიღების მსურველთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

ეპიდემიურმა სიტუაციამ საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებ ის დონე მკვეთრად გააუარესა. როგორც პროფესორი პაატა აროშიძე ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, 1 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბემ 18%-ით მოიმატა, ხოლო მილიონს გადააჭარბა იმ ადამიანების რიცხვმა, რომელსაც დახმარების მიღება სურს. იგი  სიღარიბის მასშტაბურ ზრდას დასაქმების კლებას და გლობალურ ბაზრებზე დაწესებულ ლიმიტებს უკავშირებს, რის გამოც მოსახლეობა ქვეყნის გარეთ დასაქმებას ვერ ახერხებს.

,,სიღარიბის მასშტაბური ზრდა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ხალხმა მასიურად დაკარგა თუნდაც ის დროებითი დასაქმების შესაძლებლობა, სეზონური სამუშაოები საზღვარგარეთ, სადაც ადრე დასაქმება შეეძლო. ზაფხულის პერიოდში ქართველები აქტიურად მუშაობდნენ თურქეთში, საბერძნეთში, პოლონეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ახლა საზღვრები ჩაკეტილია, სეზონურ სამუშაოებზე ლიმიტია დაწესებული, რაც დასაქმებას აფერხებს. აქაც შემცირებულია სამუშაო ადგილები და ხალხი ძალაუნებურად უმუშევართა დიდ არმიას, სოციალურად დაუცველთა რიგს შეუერთდა. ცხადაია, ეს ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული დასაქმება პრობლემაა. გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ ხალხი სოფელს მიუბრუნდებოდა, მეტ მოსავალს მოიყვანდნენ, აითვისებდნენ აქამდე აუთვისებელი მიწის ნაკვეთებს, მაგრამ არც ასე მოხდა", - ამბობს report.ge-თან პაატა აროშიძე.

მისი თქმით, კორონავირუსულ სიტუაციასთან შეგუებამ ხალხი ისევ ქალაქში დააბრუნა. ხოლო ამ ყველაფერმა, მათ შორის, ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდა.

,,ჩვენ ვართ ძირითადად გარემო პირობებზე დამოკიდებული, როგორც არასდროს ვყოფილვართ. თვითონ ეკონომიკური პოლიტიკა ისე მიდის, რომ რეალური გამოკვეთილი პრიორეტიტები არ გვაქვს. სასურველი იყო, მთავრობას მეტი დახმარება გაეწია კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი წარმოებისთვის, რომლის ბაზაც გვექნებოდა. აგრარულ სფეროში დიდი ფული იხარჯება, მაგრამ არ გვაქვს ის ვითარება, რომ ეს რესურსი ეროვნული წარმოების ზრდას მოხმარდეს. მართალია, ტურიზმი სწრაფად აღდგენადი დარგია, მაგრამ ეპიდემიური სიტუაციის გამო ესეც ჭირს. ეკონომიკა ჯერჯერობით რეცესიაშია, მაგრამ ხანგძლივად თუ გაგრძელდება ასე, კრიზისში გადაინაცვლებს", - დასძენს აროშიძე.

სოციალური ფონის დამძიმებაზე საუბრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც ამავდროულად აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ გამოწვევას თავს გაართმევს მხოლოდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებით, რის პერსპექტივასაც იგი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაშია.

,,დასაქმების მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში უმძიმეს მდგომარეობაშია ისევე, როგორც საქართველოში. მომსახურების დარგების უმეტესობა გაჩერდა და თავისთავად ცხადია, ამან უმუშევრობის ზრდა და სიღარიბე გამოიწვია, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა შემოვბრუნდეთ ეროვნული ეკონომიკისკენ, განვავითაროთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ადგილობრივი რესურსების ამოქმედებით, რაც შეამცირებს როგორც იმპორტის მასშტაბს, ასევე საგარეო ვალის მოცულობასაც, გაზრდის დასაქმების დონეს და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლებიც გაიზრდება", - აცხადებს აკადემიკოსი report.ge-თან

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 296 ადამიანით არის გაზრდილი.

ამ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის („unicef“) წარმომადგენელთან საქართველოში დოქტორ ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა შეხვედრაზე ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. განსაკუთრებული ყურადღება COVID–19-ის პანდემიის ფონზე არსებულ მდგომარეობას დაეთმო.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. პანდემიამ მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანის სიღარიბე გამოიწვია. გლობალური საშუალო კლასი 30 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს Pew Research Center- ზე დაყრდნობით წერს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.

ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system