თავში

დეკრეტული შვებულების გაუმჯობესებული პირობებით მამებიც ისარგებლებენ

დეკრეტული შვებულების გაუმჯობესებული პირობებით მამებიც ისარგებლებენ
დეკრეტული შვებულების გაუმჯობესებული პირობებით მამებიც ისარგებლებენ

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა, დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია, როგორც დედების, ისე მამების შვებულებაზე. თუ დღეს დეკრეტული შვებულების მამებზე დაშვება დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, კანონპროექტში ეს პირობა მკაცრად გაიწერება.

"მამა დეკრეტში" - ამ სტატუსით გიორგი ტყეშელაშვილი უკვე მეორედ სარგებლობს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება თავდაპირველად ღიმილით შეხვდა, თუმცა მას შემდეგ რაც მის სამსახურში ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა, დეკრეტული შვებულებით სარგებლობა სხვა მამაკაცმა თანამშრომელმაც ითხოვა. გიორგი ტყეშელაშვილი Report.ge-ს უყვება, რომ მისი დამსაქმებელი საკითხს გულისხმიერად და კეთილსინდისიერად მიუდგა და შვებულებით სარგებლობაზე მამაკაც თანამშრომლებს პრობლემა არ შეუქმნა, თუმცა ყველა ასე არ იქცევა.

"დეკრეტი ისეთივე მნიშვნელოვანია მამისთვის, როგორც დედისთვის და, უპირველესად, მნიშვნელოვანია შვილისთვის. ახალშობილს აქვს უფლება დაბადების პირველივე წუთებში გვერდით ჰყავდეს, როგორც დედა, ისე მამა. გარდა ამისა, ოჯახისთვის ხშირად პრობლემაა ის, რომ მეძუძურ დედას, რომელსაც პირველი შვილის შემთხვევაში გამოცდილებაც აკლია და პოსტმშობიარობის ტრამვაც აქვს, ახალშობილთან მარტო რჩება. ამ დროს მას მეუღლე გვერდით უნდა ჰყავდეს და აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის აღზრაში. ეს მამაკაცის უფლებაცაა და ვალდებულებაც. ასეც რომ არ იყოს, 6 თვის მანძილზე ბავშვი მამასთან აქტიური ურთიერთობით იძენს ისეთ უნარებს და გამოცდილებას, რომელსაც ვერასდროს ვერავისგან მიიღებს, " - აცხადებს 3 შვილის მამა და კომპანია "კოკა-კოლას" თანამშრომელი,გიორგი ტყეშელაშვილი.

პროფესიული კავშირების გაერთიანებას ყველა დამსაქმებელს საკითხისადმი ერთნაირი მიდგომა ვერ ექნება, ამიტომ აუცილებელია კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პირობები. როგორც პროფკავშირებში Report.ge-ს უთხრეს, რამდენიმე მამამ მათი შუამდგომლობით საკუთარი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოსაც კი მიმართა კუთვნილი შვებულებით სარგებლობისთვის.

"კანონმდებლობაში არის ბუნდოვანი და არასრულყოფილი ჩანაწერი დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით. ხშირად დამსაქმებელი უზღუდავს დასაქმებულს მისი კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლებას. ფაქტია, რომ შვილზე ზრუნვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მამებსაც და დედებსაც. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც," - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა

როგორც პროფკავშირებში აგვიხსნეს, შესაბამისი ჩანაწერი კანონში გაკეთდება და მალე მამებს დეკრეტული შვებულებით სარგებლობა გაუმარტივდებათ. ცვლილებები მამების გარდა დედებსაც შეეხებათ. თუ ამჟამად კერძო სექტორში დასაქმებულები დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას სახელმწიფოსგან დახმარების სახით ერთჯერადად 1000 ლარს იღებენ, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დეკრეტში გასვლიდან, 6 თვის მანძილზე ყოველთვიურად ხელფასის 80%-ს მიიღებენ.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დარეგისტრირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system