თავში

დესტაბილიზაცია ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც აისახა

დესტაბილიზაცია ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც აისახა
დესტაბილიზაცია ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც აისახა

პოლიტიკურმა დაძაბულობამ, რომელიც პანდემიის პარალელურად მიმდინარეობს, ეკონომიკური პარამეტრები საგრძნობლად გააუარესა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა. სპეციალისტები მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად ქუჩის აქციების შეწყვეტას და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას მიიჩნევენ. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, დაძაბულობის მოხსნის გარეშე ეკონომიკაზე ნეგატიური ფაქტორების მოხსნა შეუძლებელია და შეიძლება უფრო დრამატული შედეგიც მივიღოთ.

,,საკმაოდ რთული პროცესია. ეკონომიკა თუ ზიანდება, ეს ხდება მხოლოდ პოლიტიკური არასტაბილურობის და პანდემიის გამო. შედეგი ერთია, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ზრდის მასშტაბის შემცირება. გამოსავალი არ ცანს, გარდა იმისა, რომ მინიმალურ დონეზე დაიყვანონ პანდემიისგან მიყენებული ზარალის მასშტაბი და პოლიტიკური დაპირისპირების პროცესს მიეცეს ლეგალური ანუ საპარლამენტო ფორმა. დაპირისპირებამ ქუჩიდან ცივილიზებულ კაბინეტებსა და ოფიციალურ ტრიბუნასთან უნდა გადაინაცვლოს. ამას თუ მივაღწევთ, მაშინ ეკონომიკის ნეგატიური ფაქტორების მასშტაბები ერთიორად შემცირდება", - ამბობს არჩვაძე.

სტატისტიკოსი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეკონომიკაში ზრდის პოზიტიური დინამიკა საქართველოში შენარჩუნებულიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაძაბულობა უმოკლეს პერიოდში მოიხსნება, ზრდის დადებითი ტრენდის ჩამოყალიბება, არჩვაძის თქმით, საკმაოდ ხანგძლივ პერიოდს მოითხოვს. 

,,ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ინდიკატორების გაუმჯობესების საკმაოდ კარგი ტემპი.  ახალი ტრენდის ჩამოსაყალიბებლად, სულ მცირე, 3 თვის ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. მშპ-ს, ექსპორტის, ფულადი ტრანზაქციებისა და  ეკონომიკაში ბიზნესის ბრუნვის ზრდით, ეს პარამეტრები, მომდევნო თვეების განმავლობაშიც უნდა იყოს შენარჩუნებული. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ ეკონონომიკაში მყარად დაიწყო გაუმჯობესების პროცესი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ამოვდივართ პოლიტიკური სტაბილურობის დეფიციტიდან, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც დიდწილად გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

როგორც  სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს.

წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად ფონდი ასახელებს რეგიონული დაძაბულობასა და პანდემიური მოვლენების გამძაფრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system