თავში

დეველოპერები მცირე პროექტებზე გადაერთვნენ

დეველოპერები მცირე პროექტებზე გადაერთვნენ
დეველოპერები მცირე პროექტებზე გადაერთვნენ

დეველოპერები და უძრავი ქონების ექსპერტები ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრ კლებაზე საუბრობენ. პრობლემა განსაკუთრებით ახალაშენებულ ობიექტებს ეხება, რომელზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. შესაბამისად, როგორც კომპანია ,,ივერონის" დირექტორი არჩილ ჯაყელი აღნიშნავს, ამით არის გამოწვეული მშენებლობაზე გაცემული ნებართვების კლება.

მისი თქმით, აქცენტი ძირითადად მცირე პროექტებზე კეთდება. მასშტაბური პროექტები შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, სანამ სიტუაცია გაუმჯობესდება. 

,,covid-19-ის გამო უძრავი ქონების ბაზარზემოთხოვნა ყველა მიმართულებით არის შემცირებული  განსაკუთრებით კი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა ბიზნესი ფინანსური რესიურსის კლებას უჩივის, მსხვილ კომპანიებსაც კი უჭირთ ვალდებულებების შესრულება.  სამშენებლო ბაზარზე ყველა მიმართულებით შიმჩნევა გაძვირება, ეს ეხება ხარჯს როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზსა და წყალზეც. ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში ახალი პროექტები ნაკლებად ხორციელდება. ყველა ცდილობს რაღაც გამოსავალი მოძებნოს, ალბათ, ოპტიმალური გამოსავალია, რომ უფრო პატარა პროექტებზე გადაერთონ, ეს ტენდენცია შესამჩნევია. დიდი პროექტები დროშია გაწერილი, ყველაფერი ის სამშენებლო ნებართვებზეც აისახა, მეტი სირთულეა და ამ მდგომარეობაში ბიზნესი პასიურობს. ვერც ფასს ეხება ვინმე, ისედაც გაყიდვების პრობლემაა და მყიდველი უფრო დაფრთხება. ერთმანეთის საწინააღმდეგო გამოწვევებია", - აცხადებს არჩილ ჯაყელი report.ge-თან. 

უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებამ და საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ბიზნესის აქტიურობა მკვეთრად შეანელა. მისი თქმით, სრული სტაგნაცია არ არის, მაგრამ სიტუაცია ჯერჯერობით მძიმეა, რის გამოც მასშტაბური პროექტები დროში გაწელილია ან შეჩერებული.

,,სამშენებლო ბიზნესი ღრმა კრიზისს გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ სესხებზე სუბსიდია იყო და ამან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაყიდვების სტიმულირებას ხელი შუწყო. თუმცა მსხვილი პროექტების განხორციელებისგან ყველა თავს იკავებ, ახალი ნებართვები ნაკლებად გაიცემა. მცირე პროექტები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ტენდენცია გაგრძელდება, სანამ კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს.  საბოლოოდ მაინც ვაქცინაციის პროიცესზე ვართ დამოკიდებული. რაც მეტი ხელმისაწვდომობა გაუჩნდება მომხმარებელს ფულზე, პრობლემა მით უფრო სწრაფად მოგვარდება, რადგან დეველოპერს რეალიზაციის შიში არ ექნება, დღეს ეს ფაქტორიც მოქმედებს", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 73,5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირებული იყო 2020 წელსაც. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახუსრის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მშენებლობაზე გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11,0 პროცენტით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system