თავში

ძველ ბინებზე მოთხოვნა, შესაძლოა, შემცირდეს

ძველ ბინებზე მოთხოვნა, შესაძლოა, შემცირდეს
ძველ ბინებზე მოთხოვნა, შესაძლოა, შემცირდეს

"დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმის პირობებში, მოსალოდნელია გაყიდვებში ძველი ბინების წილის კლება," -  ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით,  იპოთეკის პროცენტის 70 მლნ ლარით 5 წლის მანძილზე სუბსიდირება დაახლოებით, 450 მლნ ლარის იპოთეკის გაცემას უწყობს ხელს. 

სპეციალისტების პროგნოზით, მოსალოდნელია ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ მოხმარებლები, ვინც ისედაც აპირებდა ბინის შეძენას. 

„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით მთავრობის ღონისძიებების წმინდა ეფექტი გაყიდვებს დაახლოებით, 10%-ით წაახალისებს.

„2020 წლის მაისში 434 მლნ ლარის მოცულობის დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმა დაანონსდა: 70 მლნ ლარი - 200,000 ლარამდე ახალი ბინის შეძენისას 5 წლის მანძილზე იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება; 14 მლნ ლარი - 5 წლის მანძილზე სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების 20%-ის ოდენობით, 200,000 ლარამდე სესხებზე, არანაკლებ 10% თანამონაწილეობით; 150 მლნ ლარი - დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესყიდვას; 200 მლნ ლარი - საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტის დასრულების გარანტია, ფართის <30%-ზე, არარეალიზებული ფართის 3 წლის მანძილზე შესყიდვის პირობით,“-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის პროგნოზს სრულად ეთანხმება უძრავი ქონების ექსპერტი ლია ითაშვილი. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივამ ახალი ბინების იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ ახალ აშენებულ ბინებს გააძვირებს, ძველს კი გააიაფებს, რადგან მათზე მოთხოვნა ბუნებრივად შემცირდება.

"ახალაშენებულ ბინებზე იპოთეკურის სესხის სუბსიდია, ჩემი აზრით, უსამართლოა. ძველი ბინების მყიდველები "დაჩაგრულები" გამოდიან. არადა, მათაც ისევე სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, როგორც მათ, ვინც ახალ აშენებულ ბინებს ყიდულობს. ჩემთვის ეს უფრო ბიზნესის სტიმულირებისთვის შემუშავებული პაკეტია და არა მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივით მოთხოვნა გაჩნდება ახალ ბინებზე და მეტნაკლებად მოხდება ახალი მშენებლობების სტიმულირება, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა მოქალაქის გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, აქ თანაბარ მიდგომას აქვს დიდი მნიშვნელობა და კარგი იქნებოდა, ეს გაეთვალისწინებინა მთავრობას და იპოთეკური სესხები დაესუბსიდირებინა ყველასთვის," - გვეუბნება ექსპერტი.

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ არის საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გავრცელების გამო დეველოპერულ, სამშენებლო სექტორში წარმოშობილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევისაკენ. 

ფიზიკურ პირს პროგრამის საგარანტიო ნაწილის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვსმიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე, ხოლო სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს, რომელი კონტრაქტიც 1 ივნისიდან წლის ბოლომდე გაფორმდება. ამ შეღავათით იპოთეკარები მხოლოდ ახალაშენებული ან მშენებარე ბინების შეიძენის შემთხვევაში ისარგებლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system