თავში

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მეზობლები უკან მოიტოვა

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მეზობლები უკან მოიტოვა
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველომ მეზობლები უკან მოიტოვა

საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით,  მსოფლიოში ერთერთ თავისუფალ ეკონომიკადაა მიჩნეული. ეკონომიკის ექსპერტი ისებ არჩვაძე კმაყოფილია ინდესში საქართველოს დაწინაურებით და ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს 184 ქვეყნიდან საქართველომ 77.2 ქულით 12-ე ადგილი დაიკავა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის იგი 2-ე ადგილზეა (ესტონეთი - 10-ე ადგილზე), ევროპის რეგიონში - 7-ე, ხოლო მსოფლიოს უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე 32-სახელმწიფოთა შორის - 6-ე ადგილზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 24-ს უსწრებს (ირლანდიის, დანიისა და ესტონეთის გარდა). 

"ამ ინდიკატორით საქართველომ მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა თავისი ყველა სახმელეთო მეზობელი (სომხეთი 34-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 44-ე, თურქეთი - 71-ე, ხოლო რუსეთი - 94 ადგილზე). საქართველოს რეიტინგის განსაზღვრაში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკა ავლენს საკმაო ღიაობას დანარჩენი მსოფლიოსადმი როგორც ბრუნვის მოცულობით, ისე პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების რაოდენობით. - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის 2/3-ს აღემატება, რაც ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, ხოლო პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოქმედებს მსოფლიოს 13 ქვეყანასა და გაერთიანებასთან. ბიზნესის კეთების სიიოლით კი, რომლის რეიტინგსაც რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიო ბანკი, საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საკუთესო ქვეყნების პირველ ათეულში. საქართველოში მთავრობის ზომა ბოლო წლებში არ გაზრდილა - ის ერთერთი დაბალია მსოფლიოში, ხოლო გადასახადების თანაფარდობა მშპ-სთან (საგადასახადო ტვირთი) ევროკავშირის საშუალო დონეს თითქმის 2.0-ჯერ ჩამორჩება. აღნიშნული ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში დაგროვილი ბიზნესის კეთების მზაობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი ქმნიან იმის ობიექტურ წინაპირობას, რომ პიოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკამ უზრუნველყოს გრძელვადიანი დინამიური და მდგრადი განვითარება," -ამბობს არჩვაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ, მიუხედავად 2020 წლის უმძიმესი ეკონომიკური გამოწვევებისა, საქართველომ გაიუმჯობესა რეიტინგი ისეთი პოზიციების მიხედვით, როგორებიცაა სასამართლოს ეფექტიანობა, საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური თავისუფლება და შრომის თავისუფლება. აღნიშნული გაუმჯობესების მაგისტრალური გზა გავიდა მრავალწლიანი სისტემური რეფორმების განხორციელებაზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შემცირებულიყო კორუფციის დონე, რეგულაციებს უფრო ლიბერალური ხასიათი მისცემოდათ და გამარტივებულიყო გადასახადები და მათი ადმინისტრირება.

2021 წლის Heritage Foundation-„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში გაიუმჯობესა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა). საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყანამ შარშანაც გაიუმჯობესა. 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system