თავში

ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზები განსხვავებულია

ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზები განსხვავებულია
ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზები განსხვავებულია

მთავრობის წევრებს და ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოლოდინი აქვთ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჯერჯერობით ვერ მიიღწევა და მთავრობის პროგნოზი გადაჭარბებულია, ნაწილი კი ეკონომიკურ მომავალს უფრო იმედიანად უყურებს. ეკონომისტი გივი მომცელიძე report.ge-თან აცხადებს, რომ აპრლში გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელ, რომელიც ტრენდს მომდევნო თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

,,ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია დაწყებულია და, წესით, აპრილშიც გაგრძელდება. ამ მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვექნება მაის-ივნისიდან, რასაც შეზღუდვების შემსუბუქება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რეალურად ეკონომიკაში დაგროვილია იმდენი პოტენციალი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, მაღალ ზრდასაც კი მივაღწიოთ, ამ მხრივ ნამდვილად იმედისმომცემი სიტუაციაა. ეკონომიკაში ჩავარდნა გვქონდა ლოკდაუნის გამო და ახლა სწორედ გამოცოცხლების, განვითარების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ვერ გეტყვით, რა მაჩვენებლით აისახება ციფრებში, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობ ცვლილებას ველოდები", - განმარტავს report.ge-თან მომცელიძე. 

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი შეფასებით, მთავრობის წევრთა მოლოდინები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია.

,,ვფიქრობ, რომ დიდად არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე მაღალი ვარდნა იყო შარშან აპრილში, როცა ეკონომიკა სრულად ჩაიკეტა. იმასთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გვექნება, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ვერ დადებს შედეგს და ცვლილება გვექნება მხოლოდ ციფრებში. მთავარია, რა მონაცემებს დავდებთ 2019 წელთან შედარებით, საზომად სწორედ ეპიდემიამდელი პერიოდი უნდა ავიღოთ და არა 2020 წლის აპრილი, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო. მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამწუხაროდ, არსებული რეალობით ვერ იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებს გერლიანი.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის. ლაშა ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ საბიუჯეტო ნაწილში წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება გახდეს საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system