თავში

ეკონომიკური პროცესების გავლენა ლარიზაციაზე

ეკონომიკური პროცესების გავლენა ლარიზაციაზე
ეკონომიკური პროცესების გავლენა ლარიზაციაზე

სპეციალისტების შეფასებით, დეპოზიტებში ლარიზაციის შემცირება გამოწვეულია პანდემიური სიტუაციითა და იმ პროცესებით,  რაც ეკონომიკის შეზღუდვამ გამოიწვია. კერძოდ, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ  ხომიზურაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, უმუშევრობამ მოსახლეობის შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა, რიგ შემთხვევაში, გააქრო, რის გამოც ადგილი აქვს ბანკებიდან დეპოზიტების გადინებას, რაც საბოლოდ ლარიზაციის მაჩვენებლებზე ნეგატიურ ასახვას ახდენს.

,,დეპოზიტები მცირდება არა მხოლოდ ლარში, დოლარშიაც, რაც გამოწვეულია იმით, რომ უმუშევრობა შემცირებულია. ბევრმა დაკარგა სამსახური და ხდება დეპოზიტების მოხსნა ბანკებიდან, კრიზისულ სიტუაციაში ჩვეულებრივი მოვლენაა. სანამ ეკონომიკა ,,ლოკდაუნების" პერიოდს გადის, ბიზნესი სერიოზულ კრიზისშია და ფაქტობრივად ნეგატიური მოვლენები აბსოლუტურად ყველა სეგმენტზე ვრცელდება, გადადის სოციალურ კრიზისში და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მოქმედებს. ამიტომ სანამ ეკონომიკაში ჯერ კიდევ შეზღუდვებია, ტენდენცია გაგრძელდება. რაც ხდება, ეპიდემიური სიტუაციის შედეგია და რეგულაციები ამას ვერ უშველის, სანამ ეკონომიკა სრულად არ გაიხსნება. სხვა შემთხვევაში სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ. ცხადია, როცა დეპოზიტების გადინება ხდება ბანკებიდან, მათ უნდა შეასრულონ კლიენტების წინაშე ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეექმნათ პრობლემა და საკრედიტო რისკი კიდევ უფრო გაეზრდებათ", - ამბობს ხომიზურაშვილი.

რაც შეხება უშუალოდ დოლარში ნომინირებული ინვესტიციების შემოდინებას, მეცნიერის შეფასებით, ის რეალურად მოითხოვდა კონვერტაციას ლარში, რაც გაამყარებდა ლარის კურსს და უფრო სტაბილურს გახდიდა, რა მხრივაც პერსპექტივა ჯერჯერობით უიმედოა. 

გარდა ამისა, როგორც ხომიზურაშვილი განმარტავს, საბანკო სფეროში სიტუაცია მეტნაკლებად დალაგდება, თუკი პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნება.

,,მთავარია პოლიტიკური სტაბილურობა, მაშინ მეტნაკლებად დალაგდება ურთიერთობები როგორც ბიზნესთან, ასევე ეკონომიკაშიც, იმის მიუხედავად, რომ პანდემიია და ამით ლიკვიდობის რისკი შიზრდება. ბანკებს აუცილებლად დასჭირდებათ მათ პორტფელებში არსებული, არაპროფილური აქტივების, მათ შორის გირავნობებში მოპოვებული უძრავი ქონების და სხვა, სასწრაფო წესით რეალიზება, რომ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემა გადალახონ", - დასძენს ხომიზურაშვილი report.ge-თან. 

საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ფინანსურ ბაზარზე დიდი პრობლემაა, ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს.

,,ბიზნესი და მოსახლეობა დიდი წნეხის ქვეში მოექცა ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, დეპოზიტების გადინებას აქვს ადგილი და ძირითადად ამით არის გამოწვეული, რომ დეპოზიტებში ლარის წილი მცირდება. ამ პერიოდში პრობლემაა ისიც, რომ კურსთან დაკავშირებული მოლოდინები ნეგატიურია, ასევე ლარის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რადგან ლარს ბოლომდე უკვე მთავრობაც არ ენდობა, საზოგადოებრივ განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ. გარდა ამისა, იმპორტი შემცირდა და მოხმარებაც, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, ლარიზაციის კოეფიციენტზე მეტი ზემოქმედებაა. მნიშვნელოვანია მთავრობის ჩარევაც, რათა ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს", - აცხადებს თოქმაზიშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system