თავში

ეკონომიკური ზრდის როგორი პროგნოზი აქვთ ექსპერტებს

ეკონომიკური ზრდის როგორი პროგნოზი აქვთ ექსპერტებს
ეკონომიკური ზრდის როგორი პროგნოზი აქვთ ექსპერტებს

,,საკმაოდ ოპტიმისტური და რეალობას მოწყვეტიული", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეროვნული ბანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შენარჩუნებულია. როგორც ანალიტიკოსი report.ge-თან ვარაუდობს, მოსალოდნელია 2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც  მისი თქმით, ეკონომიკაში არსებული რეალობით არის გამყარებული. 

,,ეროვნული ბანკის პროგნოზი არარეალურად მიგვაჩნია.   ჩვენი პროგნოზის კორექტირება ჯერჯერობით არ მოგვიხდენია, თუმცა დავაკორექტირებთ ივნისის ბოლოსთვის, ველოდებით 2%-იან ზრდას. შარშანაც ასე იყო - ჯერ 5%-იანი, შემდეგ უკვე 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააკეთა სავალუტო ფონდმა და 6%-იანი ვარდნა მივიღეთ. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი უფრო გამართლდა. ვხედავთ, რა ხდება ეკონომიკაში, იმედისმომცემი არაფერია, ვნახოთ, როგორ მოახდენს პრემიერი 500 მილიონიანი პროექტების გამოფენას რეგიონებში. ვფიქრობთ, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული. კარგი იქნება, თუ ინკლუზიურად მიიღებენ კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას ისე, რომ არ ჩაუვარდეს  ეს პროექტი მაჟორიტარი დეპუტატების და ჩინოვნიკების მიერ ლობირებულ კომპანიებს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდება", - აცხადებს ნიკა შენგელია. 

ეკონომიკაში მდგომარეობის გამოსწორების შანსს ნაკლებად ხედავს ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომელიც ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესებამ ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე შეამცირა, რაც საბოლოოდ დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს.

,,არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა ქვეყანაში, რაც გამოიხატება შეზღუდვებში, რა დროსაც ხალხი დატერორებული, უმოძრაო იყო.  საერთო ჯამში, მძიმე სიტუაცია იყო და ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ პროცესებზე მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეიცვლება, ეს თავიდანვე ცხადი იყო, ზედმეტად ოპტიმისტურად და არაადეკვატურად გათვალეს პერსპექტივა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მძიმე სიტუაციაა, ბოლომდე არ არის პანდემია დასრულებული, არასწორად იმართებოდა ეკონომიკური პოლიტიკა და ღრმა კრიზისში აღმოვჩნდით. გამიჭირდება ვარაუდი, თუ არა მაჩვენებლით შეიძლება გაიზარდოს წელს საქართველოს ეკონომიკა, თუმცა ვადასტურებ, რომ  სებ-ის პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტური ჩანს", - აცხადებს მომცელიძე report.ge-თან

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინარჩუნებენ 4%-იანი ზრდის პროგნოზს. საქართველოს პირველი ბანკირის განმარტებით, ამ პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა საბანკო სისტემის მიერ დაკრედიტების მოსალოდნელზე მაღალი ტემპი, რის გამოც ელიან, რომ რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდის მიუხედავად, დაკრედიტება გაიზრდება იმ საპროგნოზო მაჩვენებლამდე, რომელიც წლის დასაწყისშია ნავარაუდევი.

სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ 4%-იანი ზრდის პროგნოზი გამართლდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ხელახალი "ლოქდაუნი" არ გამოცხადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system