თავში

ენგურჰესი ხვალიდან გაჩერდება

ენგურჰესი ხვალიდან გაჩერდება
ენგურჰესი ხვალიდან გაჩერდება

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტი მაშტაბური და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ასე აფასებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს.

პროექტი 2021 წლის 20 იანვარს დაიწყება, ხოლო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება - რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს", -ამბობს მინისტრი თურნავა.

მისი თქმით, ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად სადერივაციო გვირაბის რემონტი სახელდება. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, გუშინ მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაზე სარემონტო - სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი, შპს „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და სხვა ოფიციალური პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system