თავში

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ისევ უძრაობაა

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ისევ უძრაობაა
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ისევ უძრაობაა

ფინანსისტები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მდგომარეობას უაღრესად ნეგატიურად მიიჩნევენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ბაზარი მკვდარია. ამის მიზეზი, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, კომერციული ბანკების მონოპოლიური მდგომარეობაა, რაც სექტორს განვითარების შესაძლებლობას უსპობს. 

,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის ძირითად ოპერატორები არიან ბანკები და ორიოდე მსხვილი საბროკერო კომპანია, დანარჩენი ბუტაფორიაა. რეალურად ბაზარზე სრული უძრაობაა, საფონდო ბირჟა არის მკვდარი. ცხადია, რომ ბაზარზე მოქმედი საბროკერო კომპანიების რაოდენობა არასაკმარისია იმისთვის, რომ ბაზარი განვითარდეს და ეკონომიკამ აქედან სარგებელი მიიღოს. ასე ხდება იმიტომ, რომ ბანკების ინტერესშია, ბაზარი არ განვითარდეს, რაც ბუნებრივია. ამას თავისი ახსნა აქვას: ბაზარმა განვითარება რომ დაიწყოს და კომპანიებმა აქტიურად გამოუშვან ობლიგაციები, ბანკების საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად შემცირდება, ჩაიფუშება. ცხადია, მათ ეს არ აწყობს. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო პერიოდში არც ერთი ღია, კლასიკური საჯარო ემისია არ განხორციელებულა. სიტუაცია რთულია და  პარლამენტს სჭირდება მეტი კომპეტენცია, რომ ობიექტურად შეაფასოს სებ-ის ფულად-საკრედიტო და მონეტარული პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. სანამ ეს საკითხი არ მოწესრიგდება, ფულად ბაზარზე მუდმივად ქაოსი გვექნება. შესაბამისად, ეკონომიკაც ვერ მიიღებს სარგებელს", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი კარდინალურ რეფორმას საჭიროებს. პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ  ფასიანი ქაღალდების საჯარო კლასიკური კომპანია საქართველოში არ გვაქვს, გარდა დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებებისა, საიდანაც მოქალაქეებს არ აქვთ აქციების შეძენის შესაძლებლობა, მათ შორის, ვერც ბანკების აქციების ყიდვაა შესაძლებელი.

,,ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი არ არის ლიკვიდური. სფერო ვერ ვითარდება. ამ კაპიტალის გარეშე კი შეუძლებელია, რომ სამუშაო ადგილები გაიხსნას და ეკონომიკა ამუშავდეს. ფასიანი ქაღალდების დაბანდების საშუალებაც არ მოგვეპოვება, რის გამოც ინვესტიციებისთვის ბაზარი ნაკლებად საინტერესოა.  საფონდო ბაზარი აბსოლუტურიდგმევა ქმედითი ნაბიჯები. საჭიროა კარდინალური რეფორმა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდეს. როგორც წესი, ფულადი ბაზარი პირდაპირ ეხება სებ-ს და მთლიანად მის ვალდებულებებშია, მაგრამ სინამდვილეში დიდი ჩავარდნაა", - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2 თვეზე მეტია, რაც სავაჭრო სესიებზე გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ 2,453 ლარის 8 საბირჟო გარიგება შედგა. ბოლო გარიგებით 23 თებერვალს "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაიყიდა.

ამ ეტაპზე ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა კი 2.38 მილიარდი ლარია. მარტი და აპრილი ბირჟაზე პასიური თვეებია.

ცნობისთვის, სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system