თავში

გაფართოების რა პერსპექტივა აქვს გაზის სამხრეთ დერეფანს

გაფართოების რა პერსპექტივა აქვს გაზის სამხრეთ დერეფანს
გაფართოების რა პერსპექტივა აქვს გაზის სამხრეთ დერეფანს

"სამხრეთ გაზის დერეფანი (SGC) არის გაზსადენის ისეთი სისტემა, რომელიც საწყის ეტაპზე უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან საქართველოში, თურქეთსა და ევროპის რიგ ქვეყნებში ბუნებრივი გაზის მიწოდებას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით და მესამე ქვეყნებში გაზის ტრანზიტის შესაძლებლობით," - ამის შესახებ TAP- ის კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მურად ჰეიდაროვი აცხადებს.

მისი თქმით,სამხრეთ გაზის დერეფანი უზრუნველყოფს გაზის მიწოდების ორმაგ დივერსიფიკაციას ევროპისთვის, რაზეც ევროპელი პოლიტიკოსები მუდმივად საუბრობენ.

”ეს, პირველ რიგში, გაზის ახალი წყაროა, რომელიც ევროპას მიეწოდება ახალი მარშრუტით. SGC უზრუნველყოფს ევროპის ორმაგ დივერსიფიკაციას,” - ამბობს ჰეიდაროვი.

რაც შეეხება აზერბაიჯანის ბენეფიტებს ამ პროექტიდან, ჰეიდაროვის შეფასებით, აზერბაიჯანმა ამ პროექტით მიიღო გრძელვადიანი 25-წლიანი გარანტირებული შემოსავალი ისეთი მრავალრიცხოვანი, გაზის მაღალი მოთხოვნის მქონე, სტაბილური, საიმედი და კომერციულად მიმზიდველი სარეალიზაციო ბაზრიდან, როგორიცაა ევროპა.

TAP– ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოება შესაძლებელია. მისი განმარტებით, ეს კორიდორი ღიაა გაზის მწარმოებლებისთვის არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ კასპიის რეგიონიდან და ხმელთაშუა ზღვიდანაც კი, რომლებსაც შეეძლებათ გაზის მიწოდება და გამოთქვამენ სურვილს ისარგებლონ ამ ენერგეტიკული კორიდორის ინფრასტრუქტურით. ჰეიდაროვის მტკიცებით, ტექნიკური თვალსაზრისით, სისტემა ადვილად გაფართოვდება. 

"ბუნებრივია, SGC– ის ევროპული სეგმენტის - ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი (TAP) სისტემის გაფართოება შესაძლებელია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ევროპის გაზის დირექტივა ითვალისწინებს. გადაწყვეტილება მიიღება კომერციული მიზანშეწონილობის საფუძველზე, " - ამბობს ჰეიდაროვი.

TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრების პირველი შეხვედრა 2015 წლის 12 თებერვალს შედგა.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system