თავში

გამოწვევებს შორის ერთ-ერთი პირველი სასათბურე მეურნეობის დეფიციტია

გამოწვევებს შორის ერთ-ერთი პირველი სასათბურე მეურნეობის დეფიციტია
გამოწვევებს შორის ერთ-ერთი პირველი სასათბურე მეურნეობის დეფიციტია

სასათბურე მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, სპეციალისტები, ასევე დარგში დასაქმებული მეწარმეები პრობლემად სათბურების სიმცირეს მიიჩნევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ხარჯია, თუმცა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, პრობლემას განაპირობებს კადრების დეფიციტიც, რის გამოც მეწარმეებს ხშირად თვითონვე უწევთ სპეციალისტების გადამზადება.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე report.ge-თან ამბობს, რომ პრობლემაა თვით ძველი სასათბურე მეურნეობის შენარჩუნებაც, რადგან რეაბილიტაციას მოითხოვს, რაც დიდ ხარჯს უკავშირდება. 

,,სათბურებში სითბოს შენარჩუნება ხდება სპეციალური დანადგარებით, უნდა დამონტაჟდეს ისეთი მოწყობილობა, რითაც შეიძლება რეგულირდებოდეს მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა და განათება. ჩვენ მაღალი მოსავლიანობის მიღწევა თუ გვსურს, სწორედ სასათბურე მეურნეობები უნდა განვავითაროთ. ფერმერია ამას დამოუკიდებლად, იშვიათი გამონაკლისი გარდა, ვერ შეძლებს. ბოლო დროს ცალკე მთავრობის ხელშეწყობით, ცალკეც, დონორი ორგანზიაციების დაფინანსებით რამდენიმე ერთეული სასათბურე მეურნეობა შეემატა საქართველოს, მაგრამ არასაკმარისია. ყველა სოფელში ფერმერს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სათბურებზე, ამით განებივრებული არ ვართ.  ძირიტადი მიზეზი მაღალი ხარჯია, მარტო გათბობა მთელ ბიუჯეტში დაახლოებით 70%-ს იკავებს. იმისთვის, რომ ეს ხარჯი შემცირდეს, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ცხელი წყლის ფაქტორი გეიზერების სახით, რის შესაძლებლობაც არის საქართველოში, მაგრამ პრობლემა კადრების დეფიციტია. ამიტომაა, რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად სასათბურე მეურნეობები ვერ განვავითარეთ საქართველოში", - ამბობს კობალაძე report.ge-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემაზე საუბრობენ მეწარმეებიც. როგორც აღმოჩნდა, მათი მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა. გარდაბანში მცხოვრები ბიზნესმენი პაატა რაჭველიშვილი აღნიშნავს, რომ საჭირო კადრების მომზადებას თვითონ ცდილობს. მუნიციპალიტეტში ის ხის საამქროსა და ბოსტნეულის სათბურს ფლობს.

,,სალათის ფოთლებს ვაწარმოებთ. გავქვს პარალელურად ხის საამქრო, სადაც გადამუშავებიდან მიღებული ნარჩენებით სათბურს ვათბობთ, მაგრამ კადრი თუ არ გვეყოლება, რეალურად ვერაფერს მივაღწევთ, შრომას არ ექნება ეფექტი. ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. სპეციალისტი არ გვყავს და მათ გადამზადებაზეც კი ვმუშაობთ, პროფესიული კადრები ყველაზე დიდი პრობლემაა. დედაქალაქიდან სპეციალისტების მოყვანა დიდ ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ვარჩიეთ, რომ ადგილობრივები გადავამზადოთ და დავასაქმოთ, ყველა კადრო ასე ავიყვანეთ.  ჩვენს შემთხვევაში, ძალიან გამოგვადგა ონლაინ გაყიდვები, ამ მიმართულებით გავაძლიერეთ მუშაობა", - ამბობს მეწარმე report.ge-თან. 

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში USAID/Zrda-ს მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პროექტები გრძელდება. როგორც report.ge-ს USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, მარნეულში Zrda-ს სასათბურე მეურნეობების მოწყობის პროგრამის ფარგლებში 123 სათბური მოეწყო, რომელთა ჯამური მოცულობა 75,501 კვადრატული მეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system