თავში

"გაზპრომმა" გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო

"გაზპრომმა" გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო
გაზპრომმა გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო

გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა გაზის მიწისქვეშა საწყობების ტევადობა იზრდება. 

ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt გერმანიის მიწისქვეშა გაზის შემნახველ ოპერატორთა ასოციაციის (INES) აღმასრულებელ დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

"გაზპრომის მიერ ოპერირებადი გაზის საწყობების შევსება 6 ნოემბრიდან იზრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "გაზპრომი" ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის.

პუტინის განკარგულებით ევროპას გაზის გაზრდილი რაოდენობა 8 ნოემბრიდან უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას იწყებს.

გასულ კვირას გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ " ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს გადასცა. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.

შემდგომი ნაბიჯია, რომ სერტიფიცირების პროცესი დაადასტუროს გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა, რომელმაც განაცხადი 13 სექტემბერს მიიღო და შემდეგ ევროკომისიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია გაზსადენთან დაკავშირებით. ბრიუსელის ოფიციალურ პირებს კიდევ ორი თვე აქვთ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.

ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, შეესაბამება თუ არა მილსადენი ევროკავშირის ბაზრის წესებს, რომლებიც კრძალავს ერთ კომპანიას იყოს მილსადენის მფლობელიც და გაზის მიმწოდებელიც.

მას შემდეგ რაც ფედერალური ქსელის სააგენტო ბრიუსელის დასკვნას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას კიდევ ორი თვე ექნება. ამრიგად, სერტიფიცირების პროცესს შეიძლება რვიდან ათ თვემდე დასჭირდეს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

"ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system