თავში

რამდენად წარმატებულია ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი

ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი
რამდენად წარმატებულია ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

გამოცემის კითხვაზე, რამდენად წარმატებულია ინფლაციის თარგეთირება და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, გვენეტაძე პასუხობს, რომ, საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

"მარტივად გეტყვით, რომ როდესაც ხედავ მონეტარული თარგეთირება არ ამართლებს, სხვა ნაბიჯები უნდა გადადგა. როდესაც ეროვნულ ბანკში 90-იანი წლების დასაწყისში ვმუშაობდი, ჩვენ ვხედავდით ფულის მასის აგრეგატებისა და ინფლაციის ურთიერთდამოკიდებულებას და ფულის მასას ვარგებდით იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გვსურდა. თუმცა, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური სისტემა უფრო დახვეწილი ხდება, ეს მიდგომა ვეღარ ამართლებს. საქართველო მცირე, ღია ეკონომიკის ტიპის ქვეყანაა. ჩვენ არ ვართ ღრმად ინტეგრირებული ისეთ ეკონომიკასთან, რომელსაც სტაბილური მონეტარული პოლიტიკა გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა აქტიური მონეტარული პოლიტიკა, ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, როგორც დრო გვიჩვენებს, სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. თუ გამოვიყენებთ „შეუძლებელი ტრილემის" (impossible trilemma) შეზღუდვებს - ჩვენ გვსურს რომ გვქონდეს კაპიტალის თავისუფალი მობილობა და აქტიური მონეტარული პოლიტიკა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს მცურავი გაცვლითი კურსი - ეს არის ოპტიმალური გამოსავალი პატარა, ღია ეკონომიკისთვის. ინფლაციის თარგეთირება საკმაოდ წარმატებით მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გარკვეული ინსტრუმენტების განვითარების პროცესში ვართ. მიუხედავად ამისა, თუ შეხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად 2000-2008 წლების, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 6.8% იყო. 2009 წელს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.7%-ია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური და ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოსთვის კარგი არჩევანია," - ამბობს კობა გვენეტაძე. 

საქართველოს პირველმა ბანკირმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა. 

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system