თავში

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო

​ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო
ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო

12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ .

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები:

პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;

პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა);

პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;

პაციენტთან კომუნიკაცია;

პალატის სისუფთავის დაცვა;

ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით - კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

განათლება:

მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;

უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;

ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

ნასამართლეობის არმქონე;

ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;

არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;

კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა

ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით). შერჩევის და დასაქმების პროცედურები: ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www . workabroad.moh.gov.ge ;

მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა;

გასაუბრება (გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება);

წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;

შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (*სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);

ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;

შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:

საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);

ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური;

სამედიცინო გამოკვლევის საფასური;

COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

შეგახსენებთ, ლეგალუურად დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაშიც აქვთ, თუმცა მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა.

საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system