თავში

კაპიტალის ბაზრის ზომა 14-ჯერ გაიზარდა

კაპიტალის ბაზრის ზომა 14-ჯერ გაიზარდა
კაპიტალის ბაზრის ზომა 14-ჯერ გაიზარდა

„მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მცირე მასშტაბი ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება, ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობისთვის კომპანიების დაჯილდოებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახაზინო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, რაც, შესაბამისად, წლიურ 31% და 69%-იან ზრდას წარმოადგენს. 

"მსურს აღვნიშნო, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მეტწილად ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შედეგია", - განაცხადა გვენეტაძემ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით, მათ შორის, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურის განახლება და ბენჩმარკ ობლიგაციების გამოშვების სისტემატიზაცია. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კაპიტალის ბაზრის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO - ს ასოცირებული წევრი გახდა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ბაზრის რეპუტაციას და სანდოობას.

„საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამომავლო წარმატებაში დიდ როლს ითამაშებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხი; რაც, თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უნარს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია სამართლიანი და უფრო მიმზიდველი კაპიტალის ბაზრის შესაქმნელად", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდება. 

"აღნიშნული პროექტის შედეგად, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის გამარტივდება ანგარიშგების წარდგენის, გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესი, რაც თავისთავად პროცესის ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ემიტენტების შესახებ ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისთვის", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system