თავში

ქართული ჩირი "ჩიკორი" ლიეტუვაში გაიყიდება

ქართული ჩირი "ჩიკორი" ლიეტუვაში გაიყიდება
ქართული ჩირი ჩიკორი ლიეტუვაში გაიყიდება

ქართული ჩირი „ჩიკორი“ გერმანული მსხვილი სუპერმარკეტების ქსელ LIDL-ში ლიეტუვაში გაიყიდება. ბრენდმა გაყიდვის უფლება ახლახან მოიპოვა. "ქარელის ხილის" დამფუძნებელი გიორგი კვირიკაძე აცხადებს, რომ ქართული პროდუქცია ლიეტუვას LIDL-ის 40 ქსელში გაიყიდება, ხოლო სამომავლოდ მას პოლონეთის ქსელებშიც შეიტანენ. თავდაპირველად ლიეტუვაში 6 სახეობა, ჯამში, 50 000 ცალი ჩირი გავა. გასაყიდი ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

„ამ ექსპორტისთვის 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდით. ყველა კონტროლი გავიარეთ. პროდუქციას ანალიზები აუღეს, შემოწმდა ხარისხი. ბოლო იყო დეგუსტაციის ეტაპი, სადაც მომხმარებლის რეაქცია შეფასდა და ამის შემდეგ პირველი შეკვეთა მივიღეთ. თუ პროდუქცია მომხმარებელს მოეწონება მას LIDL-ი პოლონეთსა და ესტონეთშიც გაიტანს,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, სუპერმარკეტების გერმანული ქსელი LIDL-ი 10 000-ზე მეტი მოქმედი ობიექტით არის წარმოდგენილი და ძირითადად ევროპის მასშტაბით ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ „ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი, პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის: ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა და ჰონგ-კონგი. „ქარელის ხილის“ ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება. კომპანიაში წარმოების პროცესში 35 ადამიანია ჩართული. პროდუქცია 100, 150 და 450 გრამიან შეფუთვებში იყიდება და მისი ფასი 3-ლარიდან 5-ლარამდე მერყეობს. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა. კომპანია ისეთ პროდუქციას აწარმოებს, როგორიც არის - ლეღვი შოკოლადში, გარგარი შოკოლადში, ქლიავი, საზამთროს ჩირი და ნესვის ჩირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system