თავში

ხულიგნობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ჯარიმების ზრდას არ იწონებენ

ხულიგნობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ჯარიმების
ხულიგნობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ჯარიმების ზრდას არ იწონებენ

წვრილმან ხულიგნობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ჯარიმები იზრდება.  ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი. აღნიშნულ ცვლილებებზე ინიციატორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. მათი თქმით, ეს სამართალდარღვევები თავიანთი ხასიათითა და ბუნებით მომეტებული საშიშროების შემცველ სამართალდარღვევებს წარმოადგენენ, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას უფრო ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სამართალდარღვევების ჩადენის პრევენციას მოახდენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაგეგმილ ცვლილებას არ იწონებს და  აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

კანონის მოქმედი რედაქცია ასე გამოიყურება: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შემოთავაზებული ცვლილებები კი ასეთია: იზრდება ჯარიმის ოდენობა, კერძოდ ამ ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, სამართალდამრღვევი დაჯარიმდება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ასევე, მოქმედი რედაქციით: წვრილმანი ხულიგნობა ისჯება ჯარიმით 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შემოთავაზებული ცვლილებებით: წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით:
1.კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაუსაბუთებელია და ინიციატივის განხილვა არ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის გარეშე.
2. სანქციების ოდენობა არ არის მისადაგებული ევროპული ქვეყნების სტანდარტებთან. საქართველოს უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჯარიმის ოდენობის ზრდა. საქართველოში 1 ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 13,000 ლარია, შედარებისთვის ეს თანხა ინგლისში 31,500 ფუნტს, ხოლო გერმანიაში 40,000 ევროს შეადგენს. ჯარიმის ტვირთს საშუალო შემოსავლის მიმართ თუ ვნახავთ, საქართველოში არსებული 1,500 ლარიანი ჯარიმა წლიური საშუალო შემოსავლის 11.5%-ია, ხოლო ინგლისში არსებული 1,000 ფუნტი ჯარიმა, შემოსავლის 3.2% - ს შეადგენს, გერმანიაში არსებული 1,000 ევრო წლიური საშუალო შემოსავლის 2.5%-ია. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჯარიმის ტვირთი შემოსავალის მიმართ, 3.6-ჯერ აღემატება ინგლისში, ხოლო 4.6 - ჯერ გერმანიაში არსებულ სანქციებით გამოწვეულ ტვირთს.
3. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.3 ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.
4. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით მიზანშეუწონელია კანონპროექტის მიღება.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღნიშნულ ინიციატივას არ დაუჭიროს მხარი და მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არ გაზარდოს ჯარიმების ოდენობა“,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system