თავში

,,კომენდანტის საათის" მოხსნას ბიზნესი ისევ მოითხოვს

,,კომენდანტის საათის" მოხსნას ბიზნესი ისევ მოითხოვს
,,კომენდანტის საათის მოხსნას ბიზნესი ისევ მოითხოვს

,,კომენდანტის საათის" არათუ მოხსნა, 1-2 საათით გადაწევაც კი დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ამოვარდა. ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე სპეციალისტები report.ge-თან აცხადებენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აკრძალვის გაუქმებას უშედეგოდ ითხოვდნენ. ამჯერად კი, როცა მთავრობის პოზიცია ,,კომენდანტის საათთან" დაკავშირებით მეტნაკლებად ცნობილია, ქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ რიგი სექტორები ამ ტიპის აკრძალვას რეალურად ვერ გაუძლებენ.

,,ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვითხოვდით შეზღუდვების მოხსნას, მათ შორის ,,კომენდატის საათის" გაუქმებას, მაგრამ ამაოდ. ეკონომიკა გარკვეულწილად თუ გაიხსნა, მთავარი დამრკოლება - ,,კომენდანტის საათი" ისევ ძალაშია. მეტიც, შეზღუდვების დამატებაზეა საუბარი და ასე თუ გადაწყდება, ჩათვალეთ, რომ კრიზისს ბიზნესი რეალურად ვერ გაუძლებს.  ასეთია სარესტორნო ბიზნესი, ტურისტული სექტორი, საცალო გაყიდვები, სადაც ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეუძლებელია გაყიდვის სასურველი ოდენობის მიღწევა. მაღაზიების შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ვითარებაა, მათ ონლაინ გაყიდვების რაღაც პროცენტი შეინარჩუნეს, რესტორნებზე ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ისინი ონლაინ შეკვეთებით პრაქტიკულად ვერ მუშაობენ”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

,,კომენდანტის საათის" გაუქმებას კატეგორიულად ითხოვს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც,  ბიზნესს მეტი მოქმედების საშუალება თუ არ მიეცემა, ღრმა კრიზისი გარდაუვალია, ხოლო  კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება და მდგომარეობიდან გამოსვლა რეალურად ძალიან გაჭირდება.

,,ჩვენი არაერთგზისი მოტხოვნის მიუხედავად, რომ ,,კომენდანტის საათი" მოიხსნას, ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ინფლაციამ დამატებითი წნეხი მიიღოს. ლარიც უკვე კატასტროფულ მაჩვენებელზეა, რეკორდულ გაუფასურებას განიცდის. ინფლაცია დააწვება ყველას, ამიტომ გამოსავალი ადვილად საპოვნელი არ არის. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ,,კომენდანტის საათი" უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შენმთხვევაში, სიტუაცია დამძიმდება და ვერც ლარის კურსს ვუშველით. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, აქ საყურადღებოა როგორც ლარის მასა, ასევე რეფინანსირების სესხები, რაც ლარის მასასთან უშუალო კავშირშია. რაც დღეს სავალუტო ბაზარზე ხდება, ეკონომიკის არსებული მოცემულობით არის გამოწვეული და ეს ეს რეალობა უნდა შეიცვალოს", - აცხადებს ბაირახტარი report.ge-თან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება. 

„ჩვენ დღეს არ გვაქვს ამის მდგომარეობა და ფუფუნება, რომ კომენდანტი საათი გავაუქმოთ. პანდემია კვლავ გრძელდება. პანდემია კვლავ საქართველოშია ისევე, როგორც მსოფლიოში. ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ,,კომენდანტის საათი" მიიჩნევა ერთ-ერთ დაბრკოლებად, რაც საქართველოში ტურისტების შემოსვლას ხელს უშლის. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია, სანამ ,,კომენდანტის საათი" არ მოიხსნება და ვაქცინაციის პროცესი არ დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system