თავში

კორონავირუსმა რეგიონების როლი წამოსწია

კორონავირუსმა რეგიონების როლი წამოსწია
კორონავირუსმა რეგიონების როლი წამოსწია

ეპიდემიამ საქართველოს ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეცვალა და მთლიანად გადააწყო პრიორიტეტები, რაც წლების განმავლობაში შეიძლება საზოგადოებისთვის ნორმად იქცეს. პირველი, რაც მკვეთრად გამოხატული ტენდენციაა, რეგიონის როლის გაძლიერებას უკავშირდება. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ აგრარული სექტორი განვითარდება. თუმცა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, სოფელს ტურიზმის გადარჩენის ფუნქციაც დაეკისრება. 

,,2020 წელს და შემდგომ პერიოდშიც, დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში დასვენება პრიორიტეტს დაკარგავს. გარდა ამისა, ტურისტული ობიექტები დედაქალაქში, რომლებიც უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდნენ, ფაქტობრივად, მოკვდნენ. ამიტომ აქტივობა რეგიონებში გადაინაცვლებს ანუ შიდა ტურიზმის ხარჯზე უფრო მეტად მოგვარდება პრობლემა. 90-იან წლებში სოფლებში მეტი ადამიანი ისვენებდა და ახლაც ეს ტენდენცია შეიმჩნევა. მაშინ უფულობის გამო ხალხი საზღვარგარეთ ვერ ისვენებდა, ახლა კორონავირუსის შიშით ყველა საქართველოში დასვენებას შეეცდება, რაც გარკვეულწილად წამოსწევს რეგიონის როლს. ამჟამადაც უკვე ბევრი ადამიანი ისვენებს სოფელში,რაც ხდება ინერციით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ცხადია, ეს იმოქმედებს ხარჯვით ნაწილზეც, რითაც სოფელი მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოემსახუროს", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

ინფრატსრუქტურის განვითარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, რეგიონების მიმართ ინტერესს გაზრდის.

,,ეპიდემიამ სოფლის საჭიროება, მისი როლი და ფუნქცია დაგვანახა. მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულ სოფელში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, რომ ვინც არის იქ დარჩენილი, ისინი მაინც დავიცვათ და მთავრობამ დანარჩენ მოსახლეობასაც რეგიონებში დასვენების პირობები  შეუქმნას. ამ მიმართულებით გარკვეული მშენებლობები მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ არის სოფლები, სადაც არაფერი გაკეთებულა და ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. აუცილებლად ფერმერული მეურნეობის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სოფლებში კაპიტალის დაბანდება მარტივად მოხდეს", - აცხადებს აკადემიკოსი report.ge-თან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system