თავში

კრიზისის დაძლევის რა შანსია ვაჭრობასა და ტრანსპორტის დარგში

კრიზისის დაძლევის რა შანსია ვაჭრობასა და ტრანსპორტის დარგში
კრიზისის დაძლევის რა შანსია ვაჭრობასა და ტრანსპორტის დარგში

ეპიდემიისას ვაჭრობა და ტრანსპორტის დარგი ტურიზმისა და ჰორეკა ბიზნესის ჩავარდნის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდნენ. თუმცა, სპეციალისტები ჩავარდნის მიუხედავად, ყველაზე მეტ პერსპექტივას სწორედ ამ მიმართულებით ხედავენ და აღნიშნავენ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში მათ კრიზისის დაძლევის ყველაზე მეტი შანსი აქვთ. ასეთი მოსაზრებისაა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე, რომლის განცხადებითაც, მდგომარეობის გამოსწორების მხრივ დიდი როლი აკისრია მთავრობას, თუ რა მხარდამჭერ ღონისძიებებს გაატარებს ბიზნესში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

,,პანდემია ბიზნესს სერიოზულად აზარალებს და არც ვიცით, როდის დასრულდება ეს პროცესი. ცხადია, რომ ტურიზმი და მასთან მომიჯნავე ყველა სფერო გასაჭირშია. ჰორეკა ბიზნესში ამ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა და არც ვიცით, რეალიბილტაციას რამდენად მალე მოახერხებს. ბევრი კომპანია შეიძლება საქმიანობას ვერ დაუბრუნდეს. თუმცა ვაჭრობას და ტრანსპორტის სფეროს მეტი შანსი აქვთ. ისინი შედარებით მალე მოახერხებენ ფეხზე წამოდგომას. რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მსყიდვითუნარიანობა შემცირდა და ხარჯს ყველა ერიდება. შედარებით მალე აღდგება ეს სექტორი,როგორც კი სიტუაცია გამოსწორდება და სიტუაცია დალაგდება. სამწუხაროდ, გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა გაგვეზრდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება პრობლემა. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ხარჯი მაინც შეუმცირონ, რაც ბიზნესებს საქმიანობის თავიდან დაწყებაში დაეხმარება. შესაძლებელია, საბანკო დავალიანები გადაუვადონ და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. მესმის, რომ ჩვენს ბიუჯეტს სჭირდება შემოსავალი, მაგრამ ახლა ის დროა, როცა სასწორის ერთ პინაზე ბიზნესის კეთილდღეობაა, ამიტომ შანსი უნდა მივცეთ", - აცხადებს ფინანსისტი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტურიზმის კლებამ მომიჯნავე დარგები დააზარალა. კერძოდ, მეორე კვარტალში, უცხოელი ვიზიტორების თითქმის არ არსებობის ფონზე, ყველაზე საგრძნობი ვარდნა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში დაფიქსირდა, სადაც უდიდესი წილი სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე მოდის. ამ დარგის გამოშვება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40%ით შემცირდა, ხოლო უარყოფითმა წვლილმა ეკონომიკურ ვარდნაში 1.7 პპ შეადგინა.

ტრანსპორტის დარგი, სადაც ტურისტული სააგენტოების წვლილი მნიშვნელოვანია, 22.6%ით შემცირდა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.3 პპ). ეკონომიკის უმსხვილესმა დარგმა, ვაჭრობამ 13.2%-იანი კლება განიცადა (უარყოფითი წვლილი მშპ-ს ვარდნაში -1.7 პპ). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system