თავში

აფხაზეთისთვის დენის უფასო მიწოდების გამო ქვეყანა მილიონობით ლარს კარგავს

ქვეყანა მილიონობით ლარს კარგავს
აფხაზეთისთვის დენის უფასო მიწოდების გამო ქვეყანა მილიონობით ლარს კარგავს

ოკუპირებული აფხაზეთის დენით მომარაგება საქართველოს ყოველწლიურად 90 მლნ აშშ დოლარი უჯდება. ენგურჰესის ენერგიის 100%-ს რუსეთის ბაზები, ადგილობრივი საწარმოები და კრიპტოვალუტის ფერმები უფასოდ იყენებენ. ოკუპირებული რეგიონი 3-ჯერ მეტ დენს მოიხმარს, ვიდრე დანარჩენი საქართველო, თუმცა, ზამთარში ტერიტორია მაინც ჩაბნელებულია. ამასობაში საქართველოს ენერგოდამოკიდებულება ინტენსიურად იზრდება.

გამოდის, რომ საქართველოს მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისტებისთვის მუშაობს. ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს უკვე მთლიანად მიაქვთ და ისიც არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ამ მხრივ ენერგოსისტემაში უმძიმესი ვითარებაა. მარტო 2 წელიწადში ქვეყანამ დენის იმპორტი 215%-ით გაზარდა. კერძოდ, 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. თუ 2016 წელს ქვეყანამ 478.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1508.8 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.

1997 წელს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებით, ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-იანი წილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას, 60% კი დანარჩენი საქართველოს საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. ასეთი შეთანხმების საფუძველი მთლიანი ფონდების ოკუპირებულ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გადანაწილების წილობრივი შეფასება გახდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ვითარება შეიცვალა და ბოლო რამდენიმე წელიწადია, აფხაზეთი ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებულ დენს 100%-ით იღებს.

მთავრობა აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამ რამდენიმე თვის წინ, ,,ენგურჰესის" თაღოვანი კაშკის მონახულებისას განაცხადა, რომ ენგურჰესის ელექტროსისტემა იყო და რჩება ქვეყნის გამაერთიანებლად.

,,აქ არის ენგურის კაშხალი, ეს არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე. მრავალი წელია ენგურჰესი აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს და ოკუპირებულ აფხაზეთს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მცირეთაგანი იმ ძაფებისგან, რაც ჩვენ დაგვრჩა და გვაერთიანებს ჩვენ აფხაზ დებთან და ძმებთან. უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს", - ასეთია მინისტრის პოზიცია.

ფაქტს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ შევუჩერებთ, ქართველი ენერგეტიკოსებიც იზიარებენ, მაგრამ ამავდროულად საუბრობენ იმაზეც, რომ მიდგომა შესაცვლელია. ერთ-ერთი ვერსიით, დენის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. მისი თქმით, ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად.

,,გამრიცხველიანება აფხაზეთში დენის მოხმარებას შეამცირებს. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40-60%-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს არველაძე.

ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება.

,,მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ. რაც შეეხება მოხმარების ზრდას, ცხადია ეს დიდწილად მაინინგის პროცესს უკავშირდება. ციფრული ვალუტის გამომუშავება გახშირდა იმ რეგიონებში, რომლებსაც დენი შეღავათიანი პირობით ან სულაც უფასოდ მიეწოდება.სწორედ ასეთია აფხაზეთი, სადაც ბოლო პერიოდში მაინინგის პროცესი საკმაოდ გააქტიურდა. თუმცა ვერც იმას უარვყოფ, რომ აღნიშნული რეგიონების გარდა, ბიტკოინების ციებ-ცხელება პოპულარულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს პროცესი უკვე შეუქცევადია", - აცხადებს ფირცხელანი.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზეთი, რა თქმა უნდა, კვლავ არის საქართველოს ნაწილი და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მათ შორის - ენერგეტიკულად, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს.

"შეფასებაც კი შეუძლებელია, ეს არის ყოველგვარი ნორმის დარღვევა. ენერგეტიკის სექტორში ასეთი უსამართლო განაწილება, არ მგონია კიდევ არსებობდეს. მწარმოებელი მხარე სრულად იჩაგრება მომხმარებლის პრივილეგიების ხარჯზე. თან ეს ხდება ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებებისა და პირობების გარეშე, უბრალოდ, მიაქვთ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ. ეს იქცა ტრადიციად. ჩვენ თავად გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, გამომუშავება შემცირებულია ჰიდროლოგიური მიზეზების გამო, ამ პირობებში კი მეორე მხარე აკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. მიზეზი გახლავთ წლების წინ მიღებული შეთანხმება. იქამდე განაწილება სახელმწიფოს შიგნით ხდებოდა და აფხაზეთი მხარედ არც კი ითვლებოდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია და განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს", - აცხადებს ენერგეტიკოსი.

ცხადია, რომ ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. საბოლოოდ მაინც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ზარალდებიან. მათ დენის გადასახადს ყოველთვიურად ახდევინებენ და ამის მიუხედავადაც, ჩაბნელებულ გარემოში აიძულებენ ცხოვრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system