თავში

მედიკოსების შემდეგ, COVID-19-გან აცრას ტრანსპორტის სფეროში ითხოვენ

მედიკოსების შემდეგ, COVID-19-გან აცრას ტრანსპორტის სფეროში ითხოვენ
მედიკოსების შემდეგ, COVID-19-გან აცრას ტრანსპორტის სფეროში ითხოვენ

ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია, სატრანსპორტო დარგი მეორე კატეგორიის რისკად შეფასდეს და ვაქცინაციის პროცესში ჩართონ. იმის გამო, რომ სატრანსპორტო ინდუსტრიაში დასაქმებულებს ფართო მასებთან ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა, ვაქცინას, მათივე და საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით, გადამწყვეტი ფუნქცია აქვს. ამის შესახებ ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელი, გელა კვაშილავა report.ge-თან საუბრობს. 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციისას პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს ავიაციის, სარკინიგზო და საქალაქთაშორისო,ა სევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის, მეტროში დასაქმებული  ადამიანები, ასევე აუცილებლად უნდა აიცრას ტაქსის სფეროს წარმომადგენლებიც. 

,,ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულები მოქალაქეები ჩართონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ისინი ყველაზე დიდ რისკ-ჯგუფში შედიან და ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მოქალაქეებთან აქვთ ურთიერთობა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როგორც ევროპაში, აშშ-ში, ასევე განვითარებად ქვეყნებში, ტრანსპორტის სფეროს თანამშრომლები მეორე რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაიკარგოს. ექიმებთან ერთად, შეიყვანოს ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ადამიანების რისკ ჯგუფში, თუკი ვაქცინის არსებული რაოდენობა ამის საშუალებაა. ცხადია, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი პროცესი, მაგრამ უნდა შესთავაზო. მით უმეტეს, როცა საზღვრები იხსნება და ტურისტებს ველოდებით, ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ფაქტიურად წინა ხაზზე არიან პანდემიის დროს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ", - ამბობს გელა კვაშილავა.

ანალოგიური მოსაზრებისაა არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia - ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა, რომელიც მთავრობისგან ითხოვს ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა ჩართვაა ვაქცინაციის პროცესში. 

,,ავიაციის სფეროში ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია, ამ მიმართუილებით ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას. ვირუსი შემოტანილია გარედან, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პირველი, მედიცინის თანამშრომლების შემდეგ ან პარალელურ რეჟმში, სწორედ ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები აიცრან. დროულად უნდა დაიწყოს ეს პროცესი,რათა მეტი დაცულობა იყოს და გაიხსნას საჰაერო გზები, რომ ეკონომიკამ რამენაირად ამოისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რამდენ ხანს გვეყოფა რესურსი, რომ გავუძლოთ, არავინ იცის, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ღრმა კრიზისში აღმოვჩნდეთ და ერთ-ერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ვაქცინაციაა. ვფიქრობ, ლარის გამყარების მხრივაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ სავალუტო ბაზარზე მძიმე ვითარებაა და ამას ადგილობრივი წარმოება ევრ შველის. როდესაც აცრაზეა საუბარი, მიმაჩნია, რომ ტრანსპორტის სფერო, მათ შორის ავიაცია, პრიორიტეტული უნდა გახდეს", - აცხადებს report.ge-თან გიორგი კოდუა.

ცნობისთვის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციით, ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებებით 2021 წლის 15 მარტიდან იცრება სამედიცინო პერსონალი, ხოლო 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system