თავში

მევენახეობაში დაფინანსების შეწყვეტას მწვავე კრიტიკა მოჰყვა

მევენახეობაში დაფინანსების შეწყვეტას მწვავე კრიტიკა მოჰყვა
მევენახეობაში დაფინანსების შეწყვეტას მწვავე კრიტიკა მოჰყვა

მეღვინეობაში დაფინანსების შემცირებას როგორც სპეციალისტების, ასევე მეღვინეების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ამით დარგის განვითარება არათუ შეფერხდება, დიდი ხნით უკან დაიხევს და მერე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სერიოზულად გაუჭირდებათ. ის, რომ აქცენტს მთავრობა ყურძნის გადამუშავებაზე აკეთებს, მეღვნეობის სფეროს სპეციალისტი გიორგი ბარისაშვილი არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ამით ქარხნებს მეტი პრივილეგიები ექნებათ და მეღვინეები დაიჩაგრებიან, რაც, მისი შეფასებით, ლოგიკას აცდენილია.

 ,,გამოდის, რომ მევენახეობის გარკვეული დარგები პრიორიტეტად აღარ ითვლება. ეს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ამაზეა აწყობილი, განსაკუთრებით, როცა საქმე სუფრის ყურძნის დაფინანსებას ეხება. ამაზეა მთელი ქვეყანა აწყობილი, მსოფლიომ აღიარა ეს მიმართულება და ახლა უნდა შეწყდეს ხელშეწყობა, არაადეკვატურია. გამოდის, რომ გადამუშავებას აფინანსებენ ანუ ქარხნებს, ინდუსტრიას, როცა სუბსიდირებაზე მივა საქმე, მაშინ ახსენდებათ მოსავალი, უკან გადადგმული ნაბიჯია. ცხადია, ამაზე ნაფიქრი აქვთ, სპონტანურად ვერ მიიღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ საქიშმიშე მიმართულება შეიძლება არ დააფინანსონ, შუა აზის ბაზრები არსებობს, ყვავის იქ ინდუსტრია, მით უმეტეს, ჩვენ ქიშმიშის დიდი მომხმარებელი არ ვართ. როგორც შპროტის კონსერვი როგორც შემოდის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდან, ქიშმიშიც შემოვა, მაგრამ სასუფრე ყურძენს სწორედ ახლა უნდა დაფინანსება. ოჯახური მარნები ახლა დგებიან ფეხზე და დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ზურგში ხანჯლის ჩარტყმის ტოლფასია", - ამბობს ბარისაშვილი. 

მისი ვარაუდით, ამ ცვლილების გამო მოსავლიანობა არ უნდა შემცირდეს, რადგან წარმოება ჯერჯერობით მზარდია.

,,ბოლო წლების განმავლობაში ვაზის ჯიშები აქტიურად შენდება და ეს ხდებოდა სწორედ იმის გამო, რომ დარგი ფინანსდებოდა, მევენახეები დახმარებას იღებდნენ. ვენახი სულ უფრო და უფრო ითხოვს ფულს, ბევრი გასავალია და სწორედ ამიტომ არის საჭირო დახმარება. ჩავთვალოთ, რომ ქართველ ხალხს ამ გადაწყვეტილებით შანსი წავართვით, სამაგიეროდ, მეტი ფული დარჩება ქარხნებს, არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება", - აცხადებს report.ge-თან გიორგი ბარისაშვილი. 

მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელია მევენახეებისთვისაც. ისინი ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება მოსავლიანობა შეამციროს. როგორც მევენახე განმარტავს, 1 ჰა ვენახის მოვლის ხარჯი წლიურად 4 000 ლარს შეადგენს. აქედან მოსავლის სავარაუდო მაჩვენებელი 10 ტონაა, რაც მისი თქმით, საკმაოდ მაღალი ხარჯია, რასაც ფერმერები დამოუკიდებლად ვერ გაუმკავდებიან.

,,დაფინანსების შეჩერება პრობლემას შეგვიქმნის. ადამიანს არ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მოსავლის ხარჯი გასწიოს. ცხადია, მოსავლიანობაზეც იმოქმედებს. მევენახეობა არ არის იმ დონეზე, რომ  ხარჯს თვითონ გავუმკლავდეთ. ქარხნები აშკარა მონოპოლისტები არიან, რეგულაცია არ არსებობს, რომელიც ამ მონოპოლიას მოსპობს. ყოვეწლიურად ასეა, დაადებს ერთი ქარხანა ყურძენს 2 ლარს, მეორეც და უკვე გაჭედილი ხარ, კონკურენცია არ არსებობს და არჩევანში იზღუდები. იმის მაგივრად, რომ ფერმერებს შეუწყონ ხელი, ისევ ქარხნებს ეხმარებიან. სხვა შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება რით უნდა უნდა აიხსნას, მევენახე თუ ჩავარდა, მერე მის აღდგენას, 3-4 წელი სჭირდება", - ამბობს ოთარ ბერძენიშვილი report.ge-თან. 

მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მიმართულებების განვითარების, მათ შორის, მიღება, გადამუშავება და რეალიზაცია, მხარდაჭერას სახელმწიფო სხვა პროექტებითა და პროგრამებით ახორციელებს.

ცნობისთვის, „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system