თავში

მოგების ზრდას ბანკები კრიზისულ პერიოდშიც ახერხებენ

მოგების ზრდას ბანკები კრიზისულ პერიოდშიც ახერხებენ
მოგების ზრდას ბანკები კრიზისულ პერიოდშიც ახერხებენ

ბანკების მოგება 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) 25%-იან ზრდას განიცდის, ხოლო მათ მიერ ბიუჯეტში შენატანები ჯერ ისევ მცირეა და 26 მილიონ ლარს მცირედით აღემატება, როცა მოგების მაჩვენებელი 245,5 მილიონ ლარს აღწევს. ამის მიზეზად ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ ბანკების აქტივები გამყარებული არ არის სესხებიდან მიღებული შემოსავლებით, პირიქით, მცირდება და სანამ ეს ტენდენცია არსებობს, სექტორის როლი ეკონომიკაში მოკრძალებული იქნება. ამასთან, ხომიზურაშვილი საუბრობს იმ ფაქტორზე, რაც ბანკების მოგებას უკავშირდება. 

,,ბანკების წლიური მოგება რომ დავიანგარიშოთ, რასაკვირველია, დაბალი მაჩვენებელია, რაც განპირობებულია იმით, რომ ბევრი საბანკო სესხი ბანკებს გაუფუჭდა, ვადაგადაცილებაზე გადავიდა. ის მოგებაც, რომელიც ფიქსირდება როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოგების სახით, არ არის ხშირ შემთხვევაში გამაგრებული ფულად ნაკადებით. ეს ნიშნავს, რომ მოგების ასახვა ხდება შემოსავლებში, მაგრამ რეალურად ეს სესხი ისევ რჩება გაცემულ სესხად და არ ბრუნდება. ამიტომ ეს მომენტი ჩვეულებრივია ,,ლოკდაუნის" პირობებში და ტენდენცია არ შეიცვლება, სანამ არ გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა. ბანკებისთვის დღესდღეობით 25%-იანი მოგება პირობითია, რადგან გაცემული სესხებიდან სექტორს არ აქვს დიდი შემოსავლიანობა, ვიდრე ვთქვათ, ევროპის ბანკებს, აქედან გამომდინარე, სესხები მცირდება", - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან და დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქვეყანა პანდემიურ მდგომარეობას გაუმკლავდეს, გამოცოცხლდეს ბიზნესი და სამუშაო ადგილები შეიქმნას.

ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში ბანკები მოგების ტრენდს მაინც ინარჩუნებენ. ამის ძირითადი მიზეზი, როგორც პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი განმარტავს, სავალუტო კონვერტაციებიდან მიღებული შემოსავლებია.

,,ლარის კურსი უფასურდება და ბუნებრივია, რომ ასეთ დროს კონვერტაციებით მიღებული შემოსავლები მატულობს. ცხადია, ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მოგება იზრდება, რადგან მსყიდვითუნარიანობა შემცირებულია. ასეთი მაჩვენებლები ხშირად ზრდას გვიჩვენებდეს, მაგრამ ფარდობითობის თვალსაზრისით, შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე წინა წლებში. ცვლილება ძირითადად ამის გამოა, რაც კურსის დევალვაციით არის განპირობებული და სესხების ზრდასტან არანაირ კავშირშია. ამდენად, იანვარ-თებერვალში მიღებული მოგება არ უნდა გავიგოთ, რომ ბანკები ისევ გაძლიერდნენ, ჯერ შორს ვართ ამ პროცესისგან, მოგება კი ძირითადად, სავალუტო კონვერტაციებიდან მიღებული შემოსავლებით არის განპირობებული", - განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვლის ჯამური შედეგების მიხედვით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 245.5 მილიონი ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების ეს მოცულობა 50 მილიონი ლარით, ანუ 25%-ით მეტია. მოგების გადასახადის სახით გადახდილმა ჯამურმა თანხამ ორ თვეში 26.3 მილიონი ლარი შეადგინა.

2021 წლის პირველ ორ თვეში ბანკებმა 606 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს, საიდანაც საპროცენტო ხარჯები 370 მილიონი ლარი იყო. საპროცენტო ხარჯიდან დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 212 მილიონი ლარს გაუტოლდა, ხოლო ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასურმა114 მლნ ლარი შეადგინა.

ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორებზე ჯამში 121 მილიონი ლარი დახარჯეს. 16.7 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system