თავში

მოსახლეობის სიბერის მიხედვით საქართველო ჩინეთის დონეზეა - Exclusive

მოსახლეობის სიბერის მიხედვით საქართველო ჩინეთის დონეზეა
მოსახლეობის სიბერის მიხედვით საქართველო ჩინეთის დონეზეა - Exclusive

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, ქვეყანა მაშინ ითვლება დაბერებულად, თუ მასში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 7%-ს აღემატება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია ანუ 15%-ის ფარგლებში.მისივე შეფასებით, ყოველ 3 წელიწადში საქართველო 1 წლით ბერდება.

გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, ქალისა და მამაკაცის გარდაცვალების საშუალო ასაკს შორის 8-წლიანი სხვაობაა. კერძოდ, საქართველოშო თუ რამდენიმე წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,2 წელი იყო, დღეს უკვე 66 წლამდეა ჩამოსული. კლების ტენდენციაა ქალების მაჩვენებელშიც. სიცოცხლის საშუალო ასაკი ახლა 74 წელს შეადგენს, როცა 9-10 წლის წინათ 78 წელი იყო.

"გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიო მაჩვენებლებზე ბევრად დაბალია. რაც შეეხება საქართველოს, მედიანური ასაკის მიხედვით, ჩინეთის დონეზეა. ამ რისკის გამო ჩინეთმა უარი თქვა პოლიტიკაზე: ,,1 ოჯახი 1 ბავშვი". ამ დროს ქვეყანაში 1,4 მლრდ მოსახლეა. ამხელა ქვეყანას ეს პრობლემა აწუხებს და რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 3,7 მილიონიანი მოსახლით! სამწუხაროდ, ჩვენ მივეკუთვნებით იმ სახელმწიფოთა რიგს, სადაც აშკარად იკვეთება მოსახლეობის დაბერების ნიშნები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ყოველ სამ წელიწადში, საშუალოდ, თითო წლით უფრო ხანდაზმული ხდება, ანუ ბერდება", - აცხადებს სტატისტიკოსი. 

რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას გენდერული ნიშნით, დემოგრაფების შეფასებით, ეს ძირითადად  რთული ცხოვრების წესს და გადატანილ ომებს უკავშირდება. ამის შესახებ დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე აღნიშნავს. 

"საქართველოში სიკვდილიანობის შემთხვევები განსაკუთრებით მამაკაცებში ფიქსირდება. მაგალითად, 2010 წელს სიკვდილიანობის კოეფიციენტი მამაკაცებში იყო 5%, ქალებში კი - 1,3%. ამაზე უამრავი გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას. მოგეხსენებათ, როგორი კვებისა და სმის რეჟიმი აქვს ქართველ მამაკაცს, რაც ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. გარდა ამისა, გასული ოცწლეული შიდა და გარე ომებში გავიარეთ, ამან შეამცირა გენოფონდი და ვინც მაშინ გადარჩა, იმასაც მძიმე კვალი დაატყო, უმრავლესობამ ხანდაზმულ ასაკს ვეღარ მიაღწია. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ქალისა და მამაკაცის სიკვდილიანობის საშუალო ასაკს შორის, დაახლოებით, 8-წლიანი სხვაობა, მეტწილად ამ ფაქტორებითაა განპირობებული", - აცხადებს დემოგრაფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system