თავში

მოსალოდნელია თუ არა დეფიციტის ზრდა ბიუჯეტში

მოსალოდნელია თუ არა დეფიციტის ზრდა ბიუჯეტში
მოსალოდნელია თუ არა დეფიციტის ზრდა ბიუჯეტში

კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოში ბიუჯეტის ბალანსი დაარღვია. როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, მოსალოდნელია დეფიციტის ზრდა, რადგან საგადასახადო შემოსავლების დიდი ნაწილი ვერ შესრულდება. პრობლემის სიმწვავე გააზრებული აქვს მთავრობასაც. ამ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დეფიციტის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა თქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა შემოსავლების ნაწილში არ გვექნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავალუტო ფონდთან ონლაინ კონსულტაციებს გამართავს და მხარეები ერთად იმსჯელებენ, თუ რა მასშტაბის დეფიციტის ზრდაა ბიუჯეტში მოსალოდნელი.

ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ პრობლემა დეფიციტის ზრდასთან დაკავშირებით მოსალოდნელია. თუმცა, როგორც ფინანსისტი რამაზ გერლიანი აღნიშნავს, საგანგაშო სიტუაცია არ იკვეთება და მთავრობა ამ გამოწვევას თავს გაართმევს.

,,ეპიდემიური საფრთხე შეიქმნა და ბიუჯეტს ასეთ პერიოდში მხოლოდ სარეზერვო თანხების მობილიზება უწევს. ამ თვალსაზრისით, ხაზინაში გათვალისწინებული ფინანსური რესურსი არასაკმარისი იქნება. თუმცა მოახდენენ ეკონომიკის ოპტიმიზაციას, რა მხრივაც პრობლემას ვერ ვხედავ. ბიუჯეტის შევსება შედარებით მარტივად მოხერხდება. შესყიდვის ნაწილში მრავალი პროექტის შეჩერება შეიძლება, ჯერ არ ვიცით, სანამდე მიგვიყვანს ეს ვითარება. ვიმედოვნებ, მალე გადაივლის და საშიშ ვირუსთან ბრძოლა დიდ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ შემოსავლების სიმცირე გაჩნდება. სამეწარმეო საქმიანობაც შესუსტდება, რაც აისახება გადასახადებშიც. რაც შეეხება აქციზის გადასახადს, ამ მიმართულებით სერიოზულ კლებას არ ველოდები, კრიზისი ამ ტიპის გადასახადს ნაკლებად შეეხება. სავარაუდოდ, საფრთხე 2-3 თვეში გადაივლის და პრობლემა დაბალანსდება. ჯერჯერობით საგანგაშო სიტუაცია არ იკვეთება. ჩვენი ბიუჯეტში დიდი წილი საგადასახადო შემოსავლებიდანაა. ეს მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად დაიკლებს", - აცხადებს გერლიანი report.ge-თან საუბრისას.

მისი თქმით, თვენახევრიანი პერიოდის განმავლობაში თუ გადაივლის ეპიდემიის საფრთხე, ბიუჯეტს არც კი შეიძლება დაეტყოს.

,,ეკონომიკა ჯერჯერობით უძლებს, გააჩნია, რამდენ ხანს გასტანს ასეთი მდგომარეობა საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე დადებითი ღონისძიება გატარდა. ცხადია, ბანკების ინიციატივაც კარგია, ბიზნესს და ფიზიკურ პირებს ტვირთს ცოტათი შეუმსუბუქებს. თუმცა მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებით საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტზეა საუბარი და მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას", - აცხადებს ანალიტიკოსი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system