თავში

მთავრობა ეკონომიკის განვითარების გზამკვლევს ქმნის

მთავრობა ეკონომიკის განვითარების გზამკვლევს ქმნის
მთავრობა ეკონომიკის განვითარების გზამკვლევს ქმნის

პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო 10 წლიანი გეგმის შემუშავებაში ჩაერთვება. 

"პრემიერისგან დავალება მივიღეთ, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10 წლიანი გეგმის შემუშავებაში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი იქნება,"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 10-წლიანი გეგმის შემუშავება ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„მოგეხსენებათ, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური განვითარება, გეგმაზომიერი განვითარება და განჭვრეტადობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი იქნება. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის შემუშავებაში“,-აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system