თავში

მთავრობა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას გააგრძელებს

მთავრობა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას გააგრძელებს
მთავრობა სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას გააგრძელებს

„დღეს, როდესაც გლობალურად ყველა ახალი რეალობის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით ფასობს ახალი აზრი, ახალი მიდგომა და ინოვაცია ნებისმიერი საკითხის მიმართ ნებისმიერ სფეროში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახალი - 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამოცხადების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 100 000 ლარიანი და 650 000-ლარიანი გრანტები უკვე სისტემატურ, ტრადიციულ პროგრამად და საქართველოში განვითარებადი სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილად იქცა. მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ მაღალ სტანდარტებზე აწყობილი პროგრამა, რადგან მის მონაწილეებს აფასებენ სილიკონ ველის ვენჩურული ფონდები, ენჯელ-ინვესტორები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები.

„დღემდე 76 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, წელს ჩვენ ამას 100-მდე მივიყვანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა უკვე კონკურსის მე-5 ეტაპი გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილია გარკვეული ისტორიის მქონე ბაზარი და ასევე უმჯობესდება ეკოსისტემაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია დღეს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system