თავში

მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ
მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

ინვესტიციების მასშტაბური კლების ერთ-ერთი ძირითად მიზეზად სპეციალისტები საინვესტიციო პოლიტიკას მიიჩნევენ, კერძოდ, სახელმწიფოს წამყვან როლს ინვესტიციების მოზიდვისას. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ იცვლება და ამის გამო ზარალდება კერძო ბიზნესი, რომლის როლი უფრო და უფრო სუსტდება.

,,მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ფული ეძებს დაბანდების წყაროს. საინვესტიციო კაპიტალი ბევრად მეტია, ვიდრე - მოთხოვნა და პროექტები. მთავრობას ინვესტიციები არასწორად აქვს გაგებული, ცდილობს, თვითონ გააკეთოს ყველაფერი, თვითონ ელაპარაკება ინვესტორებს, სთავაზობს პროექტებში მონაწილეობას და სხვა, რაც მისი საქმე არ არის. მისი ფუნქცია მართვა და კანონებია. ინვესტიციები კერძო ბიზნესმა უნდა მოიზიდოს და ამის საშუალება ჰქონდეს. ჩვენთან ყველაფერი არასწორად არის გაგებული. წლობის განმავლობაში არაფერი იცვლება. მახსოვს, მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროპელი ინვესტორი იყო ჩამოსული, სააკაშვილმა დაათვალიერებინა ყველაფერი, რაც კი ინვესტორისთვის მიზმიდველი იქნებოდა. ევროპელმა ბიზნესმენა სრულიად გულწრფელად იკითხა, რატომ აკეთებდა ყველაფერს სახელმწიფო და სად იყვნენ ამ დროს მეწარმეები. მავნე პრაქტიკაა, რომელიც ტენდენციად ჩამოყალიბდა ქვეყანაში", - ამბობს სიმონიშვილი report.ge-თან და დასძენს, რომ მთლიანად გადაწყობა სჭირდება საინვესტიციო პოლიტიკას, სადაც კერძო სუბიექტებს მეტი თავისუფლება მიეცემა. 

,,მეწარმე სუბიექტებმა თვითონ უნდა მოიძიოს პარტნიორები, რომელიც მათ ბიზნესში ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს, დააბანდებს კაპიტალს და სხვა. რატომღაც ბევრს ჰქონია, რომ  ლარი უფასურდება იმის გამო, რომ ინვესტიციები არ შემოდის. სინამდვილეში კურსის მდგრადობა უკვე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვების საქმეა. მთელი რესურსი განიავდა, არარეზიდენტების ხელში მოექცა მთელი კაპიტალი, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის ზურგში დანის ჩარტყმას უდრის", - დასძენს სოსო სიმონიშვილი.

მართალია, ინვესტიციებში დიდი კლებაა, თუმცა სტატისტიკა ყურადღებას იქცევს იმ ქვეყნების სიით, საიდანაც კაპიტალი შემოდის საქართველოში. როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, ძირითადად ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული და გახსნილი თეთრი ბუღალტერია აქვთ.

,,გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ, იაპონია და სხვა საინვესტიციო ბაზარზე  წამყვან პოზიციებს ინაწილებენ. როგორც წესი, ამ ქვეყნის ბიზნესმენები სხვა სახელმწიფოებში კაპიტალის დაბანდებას, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.  ჩანს, რომ საქართველოს ბაზარი მათთვის საიმედოა. რაც შეეხება დარგებს,  საფინანსო სექტორი, მომპოვებითი მრეწველობა გააქტიურებულია, იმის გამო, რომ მას გრძელვადიანი სამრეწველო ციკლი აქვს, გრძელვადიანი გათვლებია და ინვესტორები არ უშინდებიან ამ სფეროში კაპიტალდაბანდებას, რაც ინვესტიციებზე დადებით გავლენას ახდენს იმისდა მიუხედავად, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირებ ულია", - განმარტავს გივი მომცელიძე report.ge-თან.    

შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატში სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

                                                                

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system