თავში

ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით მხარეები ვერც მორატორიუმმა შეარიგა

ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით მხარეები ვერც მორატორიუმმა შეარიგა
ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით მხარეები ვერც მორატორიუმმა შეარიგა

მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, შეთანხმება ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის, პრაქტიკულად მიუღწეველია. მართალია, მშენებლობა მთელი 1 წლით გაჩერდა და ამ ხნის განმავლობაში პროექტთან დაკავშირებით ახალი კვლევები დაიდება, სამოქალაქო აქტივისტები პოზიციას არ ცვლიან და ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ. ამ დროს ენერგეტიკოსები საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც ქვეყანაში წყალასაცავიანი ჰესების მშენებლობას უკავშირდება. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა report.ge-თან ამბობს, რომ ჰესების მშენებლობის გარეშე ვერც განახლებადი ელექტროენერგიის მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და დეფიციტს ვერაფრით ეშველება.

,,ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტაციას, არანაირი შეზღუდვა არ არის. გაჩერებულია ჰესების უამრავი პროექტი, ამასობაში იზრდება დეფიციტი, შესაბამისად მატულობს იმპორტი და უამრავი თანხა გადის ქვეყნიდან დენის შესაძენად. დიდი პრობლემაა ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულების განვითარება, რადგან ქარიც და მზეც მოითხოვს სარეზერვო სიმძლავრეებს. რეალურად, ვფიქრობ, რომ განხილვამ, როცა ნებისმიერს შეუძლია განიხილოს პროექტი და თავისი მოსაზრება გაგვიზიაროს, ძალიან კარგი პრაქტიკაა. ,,რიონის მცველებსაც" და ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გაეცნოს დოკუმენტაციას და სპეციალისტებზე დაყრდნობით მოამზადოს რეკომენდაციები, ძალიან დიდი შესაძლებლობაა ამ მხრივ. კომუნიკაციის ფორმა შეირჩა და კარგია, რომ ყველა ნაშრომს გაეცნობიან დაინტერესებული პირები, კარგი იქნება, თუ უცხოელი სპეციალისტების ჩაერთვებიან. საბოლოოდ რეალური სურათი დაიდება და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნება პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს ენეტრგეტიკის განვიტარებას წყალსაცავიანი ჰესები ნამდვილად სჭირდება, ეს შემიძლია დავადასტურო", - აცხადებს მირცხულავა report.ge-თან.

თუმცა სამოქალაქო ატივისტები მასშტაბური ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი პრინციპული მოთხოვნაა, შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

,,ჩვენი პროტესტი გაგრძელდება. ვითხოვთ, რომ გაუქმდეს საქართველოს მთავრობის განკარგულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკასთვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", ასევე უნდა გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. კომპანია ,,ენკა" ნამოხვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ეს უნდა გამოირიცხოს, ხეობის დასაცავად კი მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ. არ გავჩერდებით, აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში და იქიდან გავაგრძელებთ პროტესტს. გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენი პოზიცია და პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაიგოს დანარჩენმა მოსახლეობამ და მეტი ხალხი ჩაერთოს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

თუმცა, პროტესტი მაინც გრძელდება ე.წ რიონის ხეობის მცველები საპროტესტო აქციების თბილისში გამართვას აანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დედაქალაქში მასშტაბური აქცია 23 მაისს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system