თავში

ნათია თურნავა: ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა ზუსტი მათემატიკა არაა

ნათია თურნავა: ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა ზუსტი მათემატიკა არაა
ნათია თურნავა: ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა ზუსტი მათემატიკა არაა

"კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე, არ არის ზუსტი მათემატიკა," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ციფრები იცვლება, მოლოდინები იცვლება, თუმცა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაზე დიდი ზარალი ნახა და ის 30 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს ყოველთვიურად.

"მე გავიმეორებ იმ ციფრს, რომელიც უკვე დასახელდა, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამოდენიმე ქვეყნის მიმარტულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას პირდაპირ, რა ზემოქმედებაც იყო თვეში, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ციფრი და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ, ისევ და ისევ, როგორ განვითარდება მოვლენები, რაზეც ვმსჯელობთ მაგალითად, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან , ტურისტების შემოსვლას, ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას და ამ საკითხების გადაწყვეტის კვალობაზე, რა თქმა უნდა, შეიცვლება და დაზუსტდება ზარალის ციფრებიც. ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო. ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა,"  - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იტალიასთან ფრენების შეჩერების მომხრე არ არის. მინისტრის განცხადებით, იტალიასთან, როგორც მაღალი რისკის ქვეყანასთან, ფრენის აკრძალვა რისკს მხოლოდ შეამცირებს, ქვეყანას კი ის ფინანსურად ძვირი დაუჯდება. მაჭავარიანის თქმით, ვირუსის შემოტანის რისკი მაინც დარჩება, რადგან ის, შესაძლოა, სხვა მიმართულებებიდანაც შემოვიდეს.

ცნობისთვის, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ირანთან და ჩინეთთან. იტალიასთან სახმელეთო მიმოსვლა შეჩერებულია, თუმცა ავიამიმოსვლა ამ დრომდე გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოთხივე ინფიცირებული საკარანტინი პირობებში მკურნალობს. ინფექცია დაუდასტურდა იტალიაში მყოფ ერთ საქართველოს მოქალაქესაც.

კორონავირუსმა პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. ჩინეთიდან ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამჟამად ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 31 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 160-ით მოიმატა.

დღეისათვის ჩინეთში კორონავირუსის 80 400-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 3012 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 52 200-ს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system