თავში

ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან დარგის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებისა და სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე სამკერვალო კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს გააცნეს სისტემური ხასიათის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან სექტორს განვითარებაში. ერთ-ერთ ასეთ პრობლემად დასახელდა კვალიფიციური მუშახელის სიმცირე. აღინიშნა, რომ პროფესიული კოლეჯების მიერ მკერავების გადამზადების პროგრამების არსებობის მიუხედავად, სამკერვალო კომპანიები პროფესიული მუშახელის სიმცირეს განიცდიან. განსაკუთრებული პრობლემაა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალთან - ტექნოლოგებსა და კონსტრუქტორებთან მიმართებაში.

შეხვედრის ცალკეულმა მონაწილეებმა ნათია თურნავას მიმართეს თხოვნით, გაუწიოს დარგის წარმომადგენლებისა და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრას ორგანიზება, რომელზეც მუშახელის პროფესიული მომზადება - გადამზადების საკითხი იქნება განხილული. შეხვედრაზე ითქვა, რომ სამკერვალო ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამასთან, დარგი ძირითადად რეგიონებში ფართოვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობისა და საგადასახადო რეგულირების საკითხები. აღინიშნა, რომ პრობლემური საკითხები, რომლებიც დარგისთვის მნიშვნელოვანია, იქნება სათანადოდ შესწავლილი, ხოლო მათი მოგვარების გზები - მოძიებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system