თავში

რა აფერხებს საგაზაფხულო სამუშაოებს

რა აფერხებს საგაზაფხულო სამუშაოებს
რა აფერხებს საგაზაფხულო სამუშაოებს

საწვავის გაძვირების გამო სერიოზული პრობლემა ექმნება საგაზაფხულო სამუშაოებს რეგიონებში. როგორც აგრარული სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ხალხი ხარჯს ვერ აუდის. სპეციალისტების განცხადებით, სოფელს საგაზაფხულო სამუშაოების სრულყოფილად ჩატარებაში მთავრობა თუ არ დაეხმარა, სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს, რადგან შეიძლება მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩეს.

აგრარული სფეროს ექსპერტი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ მთავრობა დარგს შეძლებისდაგვარად ეხმარება, თუმცა მეტი ყურადღება და მხარდაჭერაა საჭირო, განსაკუთრებით საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში, რომ მიწა დროულად დამუშავდეს და დაითესოს.

,,მთავრობამ მიიღო გადაწყვეტიულება, რომ მოხვნის პროცესში დაეხმაროს გლეხებს და ეს არ არის ცუდი. მთავარია, დროულად დამუშავდეს მიწა, დაითესოს და მერე მიექცეს სათანადო ყურადრება. საწვავი გაძვირდა და ასევე ენერგორესურსები, რის გამოც სოფლის მეურნეობის პროდუქტზეც ფასები კატასტროფულად მატულობს. არ შეიძლება არ ითქვას, რომ უკანასკნელ პერიოდში სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება მიექცა, მაგრამ საკმარისი არ არის. მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს იმპორტზე, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი შემოდის დემპინგურ ფასში, რასაც ქართული სურსათი კონკურენციას ვერ უწევს. მეტი ყურადღება და მხარდაჭერა უნდა სოფლის მეურნეობას. ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ თანამედროვე აგროტექნიკა ჯერაც არ გამოიყენება, ძველი მეთოდებით მუშაობენ ფერმერები. ამის შედეგია, რომ თუკი ჰოლანდიაში 1 ჰა-ზე 200 ტონა კარტოფილი მოჰყავთ, ჩვენ 20 ტონას ვერ გავცდით და ამასაც თუ მივაღწიეთ, გლეხი გახარებულია. ასე შორს ვერ წავალთ", - ამბობს report.ge-თან ანზორ მესხიშვილი.

საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს პროფესორი ბადრი რამიშვილი.

,,ყველაფერი მოშლილია, ამდენი პროექტი ხორციოელდება, მაგრამ სოფელს მაინც არაფერი ეშველა. სამუსაოებს ვინც ატარებდა, მაინც ჩაატარებს, რაც მიზერული ნაწილია, ამიტომ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. გაღატაკებული გლეხი, რომელიც აქამდეც ვერ ან ძლივს ამუშავებდა მიწას, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. შესაბამისად, მეტი გაყიდის მიწებს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუნდება ქვეყნიდან გაქცევა, რთული პროცესებია. საწვავის ფასის ზრდამ ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, ხალხი ვერ უმკლავდება ხარჯს, რაც საგაზაფხულო სამუსაოების ხარისხსა და ინტენსიურობაზე ნეგატიურად მოქმედებს", - ამბობს report.ge-თან ბადრი რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული სფეროს მხარდაჭერას აგრძელებს და თითქმის ყველა გრძელვადიანი პროექტი გრძელდება. რაც შეეხება მოკლევადიან პროექტებს, მათ შორის საგაზაფხულო სამუშაოების კომპონენტს, რაც მიწის დახვნისა და თესვის სამუშაოებს მოიცავს, აგროექსპერტების ინფორმაციით, მთავრობა ძირითადად მაღალმთიან რეგიონებს დაეხმარება. 

აგრარულ სფეროში პროგრამების უმეტესობა ჩვეულებრივ განხორციელდება. როგორც აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან აცხადებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება არ იგეგმება და სახელმწიფო მზადაა, დაფინანსება გაგრძელდეს. თუმცა ამ მხარდაჭერის მიუხედავად, ექსპერტი საუბრობს იმაზეც, რომ წელს ვერ დამუშავდება იმაზე მეტი მიწა, როგორც შარშან, როცა პანდემიის შიშით ხალხი სოფელს მიუბრუნდა და მიწების მაქსიმალური მოცულობაა დაამუშავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system