თავში

სოფლის მეურნეობის პროგრამების უმეტესობა გრძელდება

სოფლის მეურნეობის პროგრამების უმეტესობა გრძელდება
სოფლის მეურნეობის პროგრამების უმეტესობა გრძელდება

აგრარულ სფეროში პროგრამების უმეტესობა ჩვეულებრივ განხორციელდება. როგორც აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან აცხადებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება არ იგეგმება და სახელმწიფო მზადაა, დაფინანსება გაგრძელდეს. თუმცა ამ მხარდაჭერის მიუხედავად, ექსპერტი საუბრობს იმაზეც, რომ წელს ვერ დამუშავდება იმაზე მეტი მიწა, როგორც შარშან, როცა პანდემიის შიშით ხალხი სოფელს მიუბრუნდა და მიწების მაქსიმალური მოცულობაა დაამუშადა.

,,ხვნა-დათესვის პროგრამა და სხვა დახმარებები, გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის პერსპექტივა სხვადასხვა პროგრამით არის გაწერილი. იგივე ყურძნის ხარისხის პროგრამა შემუშავდა, კახეთის რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგი გამოჩნდება, ღვინის ხარისხის დონე საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც საბოლოოდ ექსპორტს შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია, პროგრამები ერთწლიანი არ არის, იგივე სოფლის მეურნეობაში, სხვა საკითხია, რამდენად საკმარისია. შარშან დამუშავდა მიწების მაქსიმალური მოცულობა, ვერ ვიტყვი, რომ წელს მეტი დამუშავდება, თუმცა ნაკლებიც არ იქნება. სოფლის მეურნეობას  ფინანსები და შრომის ძალა არასდროს არ ყოფნის. ბევრი რამ, გარდა წმინდა ეკონომიკური კანონებისა, ბუნებაზეც არის დამოკიდებული. ერთ წელს შეიძლება მაღალი დონის მოსავლიანობა იყოს, მეორე წელს - ბევრად ნაკლები, ამის განსაზღვრა წინასწარ ძალიან რთულია. უცხოეთში ამისთვის არსებობს დაზღვევა. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დაიხარჯოს თანხა, შრომის ძალა და უამინდობამ ვერ მოიტანოს შედეგი, როგორსაც ფერმერი ვარაუდობს. დახმარებები, რომც გაორმაგდეს, არასაკმარისი იქნება, მეტს და მეტს მოითხოვს სოფლის მეურნეობა. ჩვენ მოსავლიანობის ზრდის მიხედვით წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, თუმცა პრობლემა მაინც არის", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციებია საჭირო, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს.

,,სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროდ განიხილება უცხოეთში. ჩვენთან კვლავ მექანიზირებულ ანუ ისეთივე დონეზე დარჩა, როგორიც იყო 30 წლის წინ. ისრაელში, გერმანიაში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში აგრარულ სფეროში მაღალი დონის ინოვაციური პროექტები ხორციელდება. ჩვენთან, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ფულადი დახმარება სწორედ ინოვაციებისკენ იყოს მიმართული. თუმცა თვითკმარი უნდა გახდეს დარგი პირველ რიგში, ეს მოგვარდეს და მერე დაიწყოს ინოვაციური პროექტების განხორციელება", - აცხადებს report.ge-თან პაატა აროშიძე. 

შეგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ორ მილიარდ ლარზე მეტი თანხის 42 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს.

პროგრამების უმეტესობა გრძელდება, თუმცა არის გამონაკლისიც, მთავრობის გადაწყვეტილებით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, სესხები აღარ გაიცემა ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს საღვინე ვაზის, საქიშმიშე და სუფრის ყურძენის დაფინანსებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system