თავში

რა ეკონომიკური პოტენციალია საქართველო-უზბეკეთს შორის

რა ეკონომიკური პოტენციალია საქართველო-უზბეკეთს შორის
რა ეკონომიკური პოტენციალია საქართველო-უზბეკეთს შორის

საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი არიან პარტნიორი ქვეყნები, მეგობრები და რეგიონში ძალიან სწრაფად, მზარდად განვითარებადი სახელმწიფოები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან ბევრი მიმართულებით სწავლობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და გარკვეულ მაგალითსაც იღებს აქედან.

„სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენსა და უზბეკეთს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შესაძლებელს ხდის, რომ მთლიანად სამხრეთ აზიის რეგიონი უზბეკეთის გავლით და შემდეგ უკვე მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით, საქართველოს პორტების გამოყენებით დაუკავშირდეს ევროპას. და ამისთვის ძალიან საინტერესო, დიდი სარკინიგზო პროექტები ხორციელდება როგორც უზბეკეთში, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, პაკისტანს, შემდგომში ინდოეთს, ასევე საქართველოში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.

საქართველო-უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას აუმჯობესებს. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა. მხარეები მსჯელობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი.

2019 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 105,51 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. უზბეკეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მე-10 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ტურიზმს, 2019 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 16 785 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 102%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system