თავში

რა ელის ბიზნესს ბიზნესს სავარაუდო მესამე ლოქდაუნით

რა ელის ბიზნესს ბიზნესს სავარაუდო მესამე ლოქდაუნით
რა ელის ბიზნესს ბიზნესს სავარაუდო მესამე ლოქდაუნით

ეპიდემიური მდგომარეობის გართულების პარალელურად, ახალი შეზღუდვების თემა გააქტიურდა. სპეციალისტები, ასევე ბიზნესიც, ,,ლოქდაუნის" შესაძლო დაწესებას  ქართული ეკონომიკის განადგურების წინაპირობად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ გაუარესდება ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი, მათ შორის, მშპ, ინფლაციასა და ლარის გაცვლითი კურსი, რა მხრივაც ისედაც დიდი პრობლემაა.

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი report.ge-თან ამბობს, რომ ახალ ,,ლოქდაუნს" საქართველო ვეღარ გადაიტანს, ამიტომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. მისი თქმით, ქვეყანა ახალ ლოქდაუნს ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, რომ  ეკონომიკაში მასშტაბური კლებაა აბსოლუტურად ყველა პარამეტრის მიხედვით.

,,ეკონომიკაში პერსპექტივა საერთოდ შეიძლება მოისპოს, ქვეყანა ვერ გაუძლებს. ,,კომენდანტის საათიც" კი უნდა მოიხსნას, რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ ,,ლოქდაუნზე" საუბარიც არ შეიძლება. ყველაფერი ეს საქონლისა და მომსახურების გაძვირებას და შემოსავლების კლებას გამოიწვევს. ისედაც ამ გზით მივდივართ ლარის გაუფასურების გამო. პირდაპირ სიღარიბისკენ მიმავალი გზაა, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე პანდემიაა. ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკა კატასტროფამდე მივიდა, კატასტროფულ კლებას განიცდის როგორც მშპ, ასევე უმუშევრობა, ინფლაცია და ლარის კურსი. დომინოს ეფექტია - ერთმა ჩავარდნამ სხვა დარგებიც ჩაითრია. ლოქდაუნი ადგილობრივ წარმოებას ჩაკლავს. შარშან, როცა პირველად დაწესდა შეზღუდვები, გასაღების ბაზარი ჩაიკეტა და პროდუქტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ახლა კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ამიტომ მორიგი ლოქდაუნი ყოვლად დაუშვებელია“, - ამბობს ბაირახტარი.

ახალი შეზღუდვების დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიზნესიც. ,,ალბატროსის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ახალი ტალღა ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს ეკონომიკის ყველა დარგში, განსაკუთრებით კი ბიზნესზე აისახება, შეიძლება, უამრავმა ადამიანმა სამსახური ისევ დაკარგოს, რაც რამდენიმე პუნქტით გააუარესებს დასაქმების სტატისტიკას.

,,ჩვენ წარმოვადგენთ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანას და შეზღუდვები საკმაოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს. ლარის კურსის გამო ისედაც პანიკური სიტუაციაა, ნეგატიური მოლოდინები, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. რაც ხდება, არაპროფესიონალიზმის ბრალია. საბოლოო ჯამში, ზარალდება მთელი ეკონომიკა და ბიზნესი. შეზღუდვები უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს ეკონომიკა. ,,კომენდანტის საათიც" კი უნდა მოიხსნას, რეგულაციების გამკაცრებაზე კი საუბარიც არ შეიძლება", - ამბობს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, რომ მესამე „ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს. ასეთი დასკვნა გააკეთა დღეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. ბუცხრიკიძე ამტკიცებს, რომ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ბიზნესმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

„ვხედავთ, რომ პოტენციურად შეიძლება მესამე „ლოკდაუნის“ თეორიული რისკი არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესებმა ინდუსტრიულად იცოდნენ და განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულების გაჩერება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system