თავში

რა ელის ეკონომიკას ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესებით

რა ელის ეკონომიკას ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესებით
რა ელის ეკონომიკას ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესებით

გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც მთავრობის წევრები, ასევე ექსპერტული წრეც, ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, როგორც კი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სავარაუდო შეზღუდვებზე ისაუბრა.  სპეციალიტები კი ფიქრობენ, რომ  მორიგი ლოკდაუნი, რა დონეზეც არ უნდა განხორციელდეს, ქართული ეკონომიკის განადგურების მიზეზი გახდება.

როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი report.ge-თან ამბობს, საქართველო ვეღარ გადაიტანს,თუკი ქვეყანაში შეზღუდვების კიდევ ერთი ეტაპი ამოქმედდება. 

„ლოკდაუნებით" ეკონომიკა კატასტროფამდე მივიდა, კიდევ ერთ, მორიგ შეზღუდვებს ეკონომიკა, უბრალოდ, ვერ გაუძლებს. ჩვენ ფაქტობრივად  ჩამოგვეშალა ეკონომიკა, ყველა პარამეტრი მინუსებშია, კატასტროფულ კლებას განიცდის როგორც მშპ, ასევე უმუშევრობა, ინფლაცია და ლარის კურსი. დომინოს ეფექტია - ერთმა ჩავარდნამ სხვა დარგებიც ჩაითრია. ოფიციალურად ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნაა. ყოველი ახალი ჩაკეტვა კი იქნება კიდევ უფრო მეტად ტრაგიკული მთელი ქვეყნისთვის. მესამე „ლოქდაუნს“ აღარც უნდა განვიხილავდეთ, ამას საქართველო ვეღარ გადაიტანს და ვერც მოსახლეობა შეეგუება“, - ამბობს ბაირახტარი.

ახალი შეზღუდვების დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი თქმით, ნეგატიურ შედეგს იგრძნობს ეკონომიკის ყველა დარგი, განსაკუთრებით კი ბიზნესზე აისახება, შეიძლება, უამრავმა ადამიანმა სამსახური ისევ დაკარგოს, რაც რამდენიმე პუნქტით გააუარესებს დასაქმების სტატისტიკას.

,,შეზღუდვები უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს ეკონომიკა. ლოკდაუნი ადგილობრივ წარმოებას ჩაკლავს, ამით ბიზნესს დიდი პრობლემა ემუქრება. შეიძლება, 7-8%-ის ფარგლებშიც შემცირდეს უმუშევრობა, მერე ამას ვერაფრით გამოვასწორებთ. ,,კომენდანტის საათიც"  კი უნდა მოიხსნას, რეგულაციების გამკაცრებაზე კი საუბარიც არ შეიძლება", - ამბობს ეკონომისტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს სამი რეგიონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს, შესაძლოა "წითელ ზონად" იქცეს.

"შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს. ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system