თავში

რა ელის ინფლაციას რეფინანსირების განაკვეთის კლებით

რა ელის ინფლაციას რეფინანსირების განაკვეთის კლებით
რა ელის ინფლაციას რეფინანსირების განაკვეთის კლებით

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინფლაციის კლებას ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, სამომავლოდ ინფლაციური პროცესები დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებზე, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ზრდა. ამ მხრივ, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, პოზიტიურ გავლენას მოახდენს მონეტარული პოლიტიკის შერბილება, რამდენადაც საკრედიტო რესურსი გაიაფდება.

,,მოსახლეობის კეთილდღეობის მიმართ მთავარი გამოწვევა ინფლაცია კი არ არის, არამედ მათი შემოსავლების კლებაა, გადახდისუნარიანი მოთხოვნილების დაცემა. ეკონომიკაში ვარდნაა, საუბარია, რომ 5%-მდე შემცირდება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამაზე მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს. ნამდვილად არასახარბიელო სიტუაციაა - ერთობლივი მოთხოვნა და მიწოდება შემცირდა, ეკონომიკური აქტივობა დაბალია და ახლა ამ ჯადოსნური წრიდან უნდა გამოვიდეთ. ახლა ამის ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ბიზნესს და მათი დაკრედიტების წყაროებს ჰქონდეთ მეტი სტიმული ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო რესურსის ღირებულება რაც შეიძლება გაიაფდეს. დომინოს პრინციპის მიხედვითაა - მონეტარული განაკვეთის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში გამოიწვევს აგრეთვე საკრედიტო რესურსების გაიაფებას ანუ ბანკები შეძლებენ შედარებით იაფად მიაწოდონ რესურსები კრედიტის ამღებ ორგანიზაციებს - ბიზნესი იქნება თუ მოსახლეობა, ამდენად, სებ-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით დროული ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს უშველის ეკონომიკის გაჯანსაღებას, სერიოზული ღონისძიებებია განსახორციელებელი", - აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ამჟამად პროცესი მიდის ინფლაციის თანდათანობითი შემცირებისკენ და ტენდენცია გაგრძელდება. 

,,წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე ფაქტობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. რა თქმა უნდა,თუკი პროცესებმ,ა ხელი არ შეუშალეს. ფორსმაჟორული გარემოებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ მიმდინარე ტენდენციით ჩვენ კლებას უნდა ველოდოთ", - აცხადებს სტატისტიკოსი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.  

საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტიმულირებას, ხოლო ინფლაციურ პროცესებზე შიძლება ნეგატიურად იმოქმედოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, სხვა თანაბარ პირობებში, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system