თავში

რა განაპირობებს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას

რა განაპირობებს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას
რა განაპირობებს ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას

ჩინეთი, რომელმაც მსოფლიოს პანდემიის გავრცელებით დიდი საფრთხე შეუქმნა, ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა განუხრელად იზრდება. ამის მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ქვეყნის მმართველობით სტილს მიიჩნევს. გარდა ამისა, სტატისტიკოსი ვარაუდობს, რომ ჩინეთი შეძლებს დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა და ტექნოლოგიური კავშირები, ასევე სავაჭრო ურთიერთობები, მთელ მსოფლიოსთან აღადგინოს.

,,საერთოდ, ჩინეთის ეკონომიკა პანდემიამდეც დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი ტემპით ვითარდებოდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკები. მისთვის საშუალო წლიური 6-7%-იანი ზრდა იყო მინიმალური ზღვარი. პანდემიამაც, ლოქდაუნი კი მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას, მაგრამ ის მალე გამოვიდა ამ კრიზისული მდგომარეობიდან და გასული წლის ბოლო კვარტლები ზრდითაც კი დაამთავრა. ავტორიტარიზმი, მართვის მეთოდი კრიზისულ პერიოდში ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი წინსვლის პროცესს მაქსიმალრად აიოლებს და აჩქარებს. ამის გამო შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილებების უფრო სწრაფი მიღება, ხოლო სწორად თუ მიიღება იგი, შედეგის დანახვა უფრო მარტივად არის შესაძლებელი. ეს ფაქტორიც მუშაობს, რის გამოც ჩინეთის ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო. ამასთან ჩინეთი ორიენტირებულია დანარჩენი მსოფლიოს მომარაგებაზე, ცდილობს აღადგინოს ის ტექნოლოგიური კავშირები, რაც პანდემიის პირობებში დაზიანდა და დაიბრუნოს ,,მსოფლიო ფაბრიკის" ფუნქცია, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა. ეს ფაქტორები მუშაობს, რომ ჩინეთის ეკონომიკა ახალ სიჩქარეებზე გადაერთოს", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ჩინეთმა უახლოეს პერიოდში შეძლო,  პანდემია დათრგუნულ რეჟიმში გადაეყვანა და ქვეყანა ეკონომიკურად გაეძლიერებინა. ხოლო მმართველობითი სტილიდან გამომდინარე, როგორც არჩვაძე ამბობს, მრავალმილიარდიანი მოსახლეობა მთავრობის მითითების პირდაპირი შემსრულებელია, რასაც დღესდღეობით ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს.

რაც შეეხება საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობა პოზიტიურ დინამიკას ადასტურებს, რის ტრენდიც სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნდება.

,,ჩინეთის ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება თითქმის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც იგი ვაჭრობს. ჩვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან იმპორტის დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის და პირიქითაც, ჩვენი პროდუქცია ჩინურ ბაზარზე შეუზღუდავად შედის, მთავარია, საექსპორტი პროდუქციის დეფიციტი დავძლიოთ. სხვა მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ბუნებრივია, როცა იზრდება ეკონომიკის მოცულობა, შესაბამისად, მატულობს მოთხოვნაც. ამიტომ ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას პოზიტიური საქართველოსთვისაც, სადაც, როგორც აღვნიშნე,  ექსპორტისთვის ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი პირველია. შესაძლებელია ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდეს, რასაც ხელს უწყობს ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ", - ამბობს აკადემიკოსი report.ge-თან. 

ცნობისთვის,  წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთის ეკონომიკა18.3%-ით გაიზარდა. როგორც BBC-ი წერს, ეს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის რეკორდულად მაღალი ზრდაა 1992 წლის შემდეგ.

ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა პანდემია პროცესს აფერხებს. წელს ჩინეთის წარმოების მაჩვენებელი 14,1%-ით, საცალო გაყიდვები კი, 32%-ით არის გაზრდილი. ეს მაჩვენებლები შედარებულია გასული წლის მნიშვნელოვნად შემცირებულ რიცხვებთან.

ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის გამო დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნების“ გამო 6.8%-ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის მესამე კვარტლიდან უკვე აღდგენა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system