თავში

რის ხარჯზე მატულობს ჩინეთის ეკონომიკა

რის ხარჯზე მატულობს ჩინეთის ეკონომიკა
რის ხარჯზე მატულობს ჩინეთის ეკონომიკა

მსოფლიოში ჩინეთი ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა covid-19-ის პირობებშიც იზრდება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რაც მისი თქმით, ქვეყნის მართველობის სტილს უკავშირდება. არჩვაძის ვარაუდით, ჩინეთის ეკონომიკა ზრდის ტრენდს მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა დაახლოებით რა მაჩვენებლით შეიძლება გაიზარდოს, სტატისტიკოსი პროგნოზისგან თავს იკავებს.

,,ჩინელებმა მთელ მსოფლიოს თავსატეხი გაუჩინეს, მაგრამ მათ ყველაზე მალე მოახდინეს მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩინეთს მეორე კვარტლაშიც ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ახლაც, მესამე კვარტალში, პოზიტიური ტრენდი გრძელდება. ფაქტობრივად, იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლიც ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება პანდემიას და შემცირების ნაცვლად, უკვე აქვს ზრდა დაფიქსირებული. ყოველ შემთხვევაში, კვარტალურ დონეზე, მშპ-ს ზრდა საგრძნობლად მაღალ დონეზეა. ამას განაპირობებს ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი შინაგანი დისციპლინა, ავტორიტარული რეჟიმი და ტრადიციებისადმი ერთგულება ანუ შინაგანი იმპროვიზაცია და დამოკიდებულება კანონის აღსრულებისადმი. მრავალმირდიანი მოსახლეობა მთავრობის მითითების პირდაპირი შემსრულებელია, რასაც ევროპის ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვერ ვიტყვით. ვფიქრობ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა რა დონეზე გაიზრდება ჩინეთის ეკონომიკა მომავალში, ამის პროგნოზი შეუძლებელია", - განმარტავს არჩვაძე.

რაც შეეხება საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს, აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობა პოზიტიურ დინამიკას ადასტურებს. სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება.

,,ბუნებრივია, როცა იზრდება ეკონომიკის მოცულობა, შესაბამისად, მატულობს მოთხოვნაც. არა მარტო საქართველოს ეკონომიკისთვის, დანარჩენი ქვეყნებისთვისაც ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას დადებითი გავლენა აქვს. მით უმეტეს საქართველოსთვის, რადგან იმპორტის დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის და პირიქითაც, ექსპორტზე ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი პირველია", - დასძენს სტატისტიკოსი. 

ცნობისთვის, საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი).

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის მესამე კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system