თავში

რა განაპირობებს ჯანდაცვის სექტორის კრიზისს

რა განაპირობებს ჯანდაცვის სექტორის კრიზისს
რა განაპირობებს ჯანდაცვის სექტორის კრიზისს

მომგებიანობის მკვეთრი გაუარესება, ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტიანობა, ბიუჯეტის გადახარჯვა, პირველადი ჯანდაცვის პრობლემა და სხვა საკითხები ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრობლემებია, რომლსაც გალტ & თაგარტის კვლევა შეეხო. მდგომარეობა რომ მძიმეა, ჯანდაცვის სპეციალისტები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სისტემური ცვლილების, რეფორმის  გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა, ხოლო საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ მდგომარეობა რეალურად გამოსწორდეს.

პრობლემა კი, როგორც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი, მარინა ბერაძე აღნიშნავს, მრავალმხრივია. მისი შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სექტორისთვის დიდძალი ფული იხარჯება ისე, რომ მოსახლეობას არანაირი შეღავათი არ აქვს და დარგი ფაქტობრივად კრიზისშია.

,,დიდი ხნის წინ დაიწყო პრობლემა და მის მოსაგვარებლად რეალურად არაფერი გაკეთებულა. მთავრობის ღონისძიებები არ არის გათვლილი ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე, შემოსავლებზე და სხვა. ელემენტარულად,  არსებობს ფორმულა - რეგიონისთვის რამდენი უნდა იყოს საწოლების რაოდენობა, პირველადი ჯანდაცვა იქნება თუ ჰოსპიტალური სექტორი, ამის მიხედვით განისაზღვრება კლინიკების რენტაბელურობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სამედიცინო სფეროში პროცესები ნორმალურად წარიმართოს. ჩვენთან ეს სტანდარტი დარღვეულია. თანაც, სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა კერძოა. ისინი მუშაობენ ძირითადად მოგებაზე და კლინიკების საქმიანობა განხილულია, როგორც ბიზნესი. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს სფერო მომგებიანი არ არის. რატომღაც მიჩნეულია, რომ კლინიკა უნდა იყოს მაღალმომგებიანი, ერთ-ერთმა საავადმყოფომ მოგების 35%-იანი მარჟაც კი აჩვენა, ეს არის კატასტროფა, შოკისმომგვრელი მაჩვენებელია. ამიტომ ჩვენ გვაქვს გამოსასწორებელი ყველაფერი - საკანონმდებლო ბაზადან დაწყებული, რომელიც წლების განმავლობაში არათუ არ შეცვლილა უკეთესობისკენ, მახინჯი ტრადიციები კიდევ უფრო გაამყარა. ფაქტობრივად გვაქვს მდგომარეობა, რომ ბიუჯეტი იხდის დიდ ფულს და ასევე გეომეტრიული პროგრესით მატულობს მოსახლეობიდან ჯიბიდან გადახდების წილი. ჯანდაცვის ბიუჯეტი 20-ჯერ არის გაზრდილი და ამ დროს მოქალაქეებს შეღავათი ფაქტობრივად არ აქვთ. გამოდის, რომ ფუნდამენტური პრობლემაა, რაზეც ყველამ იცის, მაგრამ ნაკლებად ლაპარაკობენ, ვისაც ეს საკითხი ეხება", - აცახდებს მარინა ბერაძე report.ge-თან.

მისი თქმით, მძიმე ვითარებაა ჰოსპიტალურ სექტორში, საავადმყოფოების რეკორდული მაჩვენებელია, როცა ქვეყანას ამის საჭიროება აღარ აქვს.

,,ჯანდაცვის ოპტიმიზაცია თუ ხდება, ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტები სწორად იყოს განსაზღვრული. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ჰოსპიტალურ სექტორზე, რომლის დიდი წილი კერძოა. სახელმწიფო და კერძო  სექტორებს ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა შეუძლიათ, მაგრამ ეს პაციენტის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. საავადმყოფოები გვაქვს 10-ჯერ მეთქი, ვიდრე სინამდვილეში გვჭირდება. მოსახლეობის 5%-ს სჭირდება ჰოსპიტალური დახმარება. ჯანდაცვის კომიტეტშია პრობლემა, არ შეიძლება, საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ ფლობენ ბიზნესს, მედიცინა კი არ შეიძლება იყოს ბიზნესი. მოგების მარჟა 5%-ს არ უნდა აჭარბებდეს, ასეა ნორმალურ ქვეყანაში და ამიტომ ვითარდება დარგი, საქართველოსგან განსხვავებით, სადაც წლიდან წლამდეა უარესდება მდგომარეობა. აქედანვე თუ არ დაიწყო პრობლემის გამოსწორება, ჩიხში შევა ყველა", - დასძენს მარინა ბერაძე.

ექსპერტები არ გამორიცხავენ დამატებითი რეგულაციების შემუშავებასაც, რაც მათი აზრით, არასასურველ ტენდენციებს შეცვლის და რეფორმას სწორ მიმართულებას მისცემს. ასე ფიქრობს ჯანდაცვის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე, რომლის შეფასებითაც, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შედეგის მიღწევა რეალურად რთული იქნება.

,,საკმაოდ მძიმე სიოტუაცია, კვლევებითაც დასტურდება, რიომ აუციელებლია გარკვეული კორექტივების შეტანა არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ, არამედ ასევე დამატებითი რეგულაციებიც შეიძლება იყოს შემოსატანი, რათა ჭარბი რესურსის ოპტიმიზაცია მოხდეს. რეფორმა აქამდეც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პროცესი ნელა მიდის. ეს გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, დასაჩქარებელია პროცესები, რომ სექტორში არსებული არასასურველი ტენდენციები შეიცვალოს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეტრიალდეს. ჯერჯერობით ბევრი წინაღობაა, ალბათ, ტექნიკური მხარის პრობელმაც იყო, ასევე კადრებიც სიმცირე და სხვა, რის გამოც რეფორმა გვიანდებოდა. არც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არსებობდა პოლიტიკური ნება. რეფორმა ფაქტობრივად დაწყებულია, ვიცით, რა გაკეთდეს, მთავარია, როგორ უნდა განხორციელდეს, რა მიმართულებითაც მუშაობა გასააქტიურებელია. ამისთვის საჯარო და კერძო სექტორები უნდა გაერთიანდნენ. პირველ რიგში, ჯანმრთელობის ეროვნული პლატფორმა  შემუშავდეს, ეს არის ზეპარტიული, ეროვნული თანხმობის საკითხი. გვესაჭიროება სწორი რეფორმა და გრძელვადიანი ხედვა, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა საქართველოში", - აცხადებს ზოიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება და გროვდება რისკები. სწრაფად მზარდია სექტორის საბანკო ვალდებულებები, რის გამოც მისი ვალიანობის მაჩვენებლები უარესდება. ამის შეასხებ აღნიშნულია გალტ & თაგარტისა და საერთაშორისო ფონდი კურაციოს მომზადებულ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის XIV ტალღის გამოცემაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა.  კერძოდ, კვლევის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ, პროგრამაში მონაწილე პროვაიდერების სელექციის მკაცრი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2014-2020 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ ჯამში 350 მლნ ლარი შეადგინა. კვლევა აჩვენებს, რომ ამ თანხაში არ შედის სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის 31 დეკემბერის ანგარიშის თანახმად სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადასახდელი დავალიანება - 201 მლნ ლარი, რაც ჯამურ გადახარჯვას 551 მლნ ლარამდე ზრდის, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტის 12% შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system