თავში

რა მდგომარეობაა რაჭაში სტიქიიდან მეათე დღეს

რა მდგომარეობაა რაჭაში სტიქიიდან მეათე დღეს
რა მდგომარეობაა რაჭაში სტიქიიდან მეათე დღეს

"რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით სტიქიიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ პრაქტიკულად ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა," – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ხუთ სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.

ვიცე-პრემიერი კონტრაქტორმა კომპანიების მუშაობითაც კმაყოფილია.

"ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე „ენერგო პროსა“ და „მაგთის“ თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღდგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ რაჭაში 700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, აღწერილია დაზიანებული სახლები, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები, ბევრი მოხალისე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შრომას ასრულებდა 24-საათიან რეჟიმში. ორ მოქალაქეს, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრის მანძილზე ფეხით მიაწოდა წამალი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება.

რაჭას სტიქია თავს 29 ივლისის ღამეს დაატყდა.  რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარემ ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა, სახნავ-სათესი მიწები.

პრემიერის დავალებით ადგილზე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი.

სტიქიამ რაჭას 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system