თავში

რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს ლარის კურსთან დაკავშირებით

რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს ლარის კურსთან დაკავშირებით
რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს ლარის კურსთან დაკავშირებით

მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კურსი უკვე გაუსაძლისია და ლარი, მინიმუმ, 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს, რომ კომპანიებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლონ. ამის შესახებ report.ge-თან კომპანია ,,რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის მთავარი მოთხოვნა რეზერვების გაყიდვა და რეგუალციების მოხსნაა.

,,რეზერვების მაქსიმუმზეა, უნდა გაიყიდოს და რეგულაციები მოიხსნას, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ბიზნესმა სიცოცხლისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს, რის პირობებიც დღეს არ არის. ლარის კურსი ბიზნესს ისე ურტყამს, რომ უკვე გაუსაძლისია. საბაზისო განაკვეთი ასწია ეროვნულმა ბანკმა ორიოდე კვირის წინ, რაც მსოფლიოში ვალუტის გამყარებისკენ მიმართული ნაბიჯია, აქ პირიქითაა. 20%-ით გაუფასურდა ლარი, ამიტომ უსწრაფესად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, არსებული რეზერვები ამის საშუალებას იძლევა. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ეს ვალდებულება, რომ გადაარჩინოს ბიზნესი უსწრაფესად, საბანკო რეგულაციები მაქსიმალურად უნდა მოეშვას, დოლარში სესხის აღება პრაქტიკულად შეუძლებელია, იზრდება საპროცენტო განაკვეთები, რეზერვები უნდა გაყიდოს. ლარის მიმართ ნდობა არ არის და ესეც დამატებითი წნეხია ლარზე, წლებია საჭირო, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნეგატიური განწყობა შეიცვალოს", - აცხადებს პაპაშვილი. 

ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი წინაპირობად ბიზნესმენი გიორგი სვანიძე პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესებას მიიჩნევს. როგორც ის report.ge-თან ამბობს, დღესდრეობით ბზინესისთვის ყველაზე დიდი პრობლემა კაპიტალზე ხელმისაწვდომობის სირთულეა, რაც ბიზნესის მოძრაობას ზღუდავს. 

,,დიდი პრობლემის წინაშეა აბსოლუტურად ყველა სეგმენტი, თუმცა ვხედავთ მზაობას მთავრობის მხრიდან, რომ გვერდში დაგვიდეს და დაგვეხმაროს კრიზისის დაძლევაში. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივად შევძლებთ კრიზისი დაძლევას. გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ. მთავარია რაც ლარის კურსს შეეხება, მთავარია, პანდემიამ უკან დაიხიოს, ამით კურსსაც ეშველება და ქვეყანასაც. შექმნილი სიტუაციის გამო ბზინესს დღეს კაპიტალზე წვდომა არ აქვს,  ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ახალ ინვესტიციებზე, განვითარებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული. პანდემიურ პერიოდში დამატებითი სესხის აღებისგან ყველა დონის ბიზნესი თავს იკავებს, მათ შორის, ჩვენც" - აცხადებს სვანიძე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობა ლარის 3.39-ის კურსზე გაიხსნა და ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.4225 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4118 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.0044 ლარად არის შესაძლებელი. 

გასული კვირის დასაწყისში სებ-მა ლარის კურსის გაზრდილი მერყეობის შესარბილებლად $40 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების გზით სულ $160 მილიონი დოლარის რეზერვები გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system